მთავარიგადაცემებიThe Europe Conversationმუსლიმთა მსოფლიო ლიგის ხელმძღვანელი: „ჩვენ სიძულვილის ნებისმიერი ფორმით გამოხატვის წინააღმდეგი ვართ“

მუსლიმთა მსოფლიო ლიგის ხელმძღვანელი: „ჩვენ სიძულვილის ნებისმიერი ფორმით გამოხატვის წინააღმდეგი ვართ“

მუსლიმთა მსოფლიო ლიგის გენერალურმა მდივანმა –  მუჰამედ ალ-ისამ –  ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში  ფართოდ მიმოიხილა ის რელიგიური და პოლიტიკური საკითხები, რომლებიც თანაბრად აფიქრებთ ევროპასა და ისლამურ სამყაროს.

ხალხმა სიყვარულით უნდა სძლიოს სიძულვილს და გადოს ხიდები სხვადასხვა თემის წარმომადგენლებს შორის. ეს არის მუჰამედ ალ-ისას, მუსლიმთა მსოფლიო ლიგის გენერალური მდივნის გზავნილი, რომელიც „ევროპულ საუბრებში“ სტუმრად ყოფნის დროს გაავრცელა.

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: „ბატონო მუჰამედ ალ-ისა,  თქვენ მუსლიმთა მსოფლიო ლიგის გენერალური მდივანი ბრძანდებით და სულ ცოტა ხნის წინ შეხვდით საფრანგეთის მთავრობას. თუ განიხილეთ აქ, საფრანგეთში და ზოგადად ევროპაში მცხოვრებ მუსლიმთა თემის მდგომარეობა?“

მუჰამედ ბინ აბდულკარიმ ალ-ისა, მუსლიმთა  მსოფლიო ლიგის გენერალური მდივანი: „მუსლიმთა საზოგადოება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს აერთიანებს, მშვიდობიანია და იცავს მთელ მსოფლიოში სხვებთან  თანაცხოვრების პრინციპებს, რომლებიც ისლამის რელიგიის სწორად აღქმაზეა დაფუძნებული. საზოგადოების  ამ უზარმაზარ ჯგუფს აქვს შეგნება, უყვარს სხვა ადამიანები და შესანიშნავად ცხოვრობს მათ გვერდით. არიან გამონაკლისებიც. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენენ და მათი რიცხვი ძალიან ცოტაა. ისინი აღიარებენ ექსტრემისტულ იდეოლოგიას და ისლამის შესახებ გავრცელებულ მცდარ კონცეფციებს. ზოგჯერ მათი მიზნები სულაც ისლამს მიღმა დგას და ისლამს იმისთვის იყენებენ, რომ საკუთარი დღის წესრიგი სისრულეში მოიყვანონ.”

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: „რას ურჩევდით ევროპაში მცხოვრებ მუსლიმებს? როგორ უნდა მოიქცნენ იმ საზოგადოებაში, რომელიც ძირითადად სეკულარულია?“

მუჰამედ ბინ აბდულკარიმ ალ-ისა, მუსლიმთა  მსოფლიო ლიგის გენერალური მდივანი: “ვურჩევდი, მისდიონ ისლამს, რომელიც მათი რელიგიური იდენტობაა და ამავე დროს ჩაერთონ ეროვნული საკითხებშიც, რომელიც მათ ეროვნულ იდენტობას ეხება, რადგან დარწმუნებით შემიძლია ვუთხრა მათ, რომ არავითარი კონფლიქტი არ არსებობს მათ ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას შორის, რომლის საფუძველზეც ისინი მუსლიმებად ითვლებიან. რადგან მთელ მსოფლიოში არცერთი ცივილიზებული ქვეყნის კონსტიტუცია არ აზიანებს რელიგიის თვითმყოფადობას.”

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: „მოდი, ცოტა შევალამაზებ ამ კითხვას. ზოგჯერ ევროპული კანონები კრძალავენ ისლამთან დაკავშირებულ რელიგიურ რიტუალებსა თუ ჩვევებს. მხედველობაში მაქვს სხვადასხვა ქვეყანაში თავსაბურავის აკრძალვა ქალებისთვის. უნდა მისდიონ თუ არა ევროპაში მცხოვრებმა მუსლიმებმა აქაურ წესებს?“

მუჰამედ ბინ აბდულკარიმ ალ-ისა, მუსლიმთა  მსოფლიო ლიგის გენერალური მდივანი: “არ მგონია, მომგებიანი იყოს, თუ ადამიანს შეუზღუდავ რწმენის გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა თუკი აკრძალვა კონკრეტულ რელიგიურ ატრიბუტს ეხება, აქ უკვე წინააღმდეგობას ვაწყდებით, რადგან სხვა რელიგიის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, ატარონ საკუთარი რელიგიის გამომხატველი ატრიბუტები. კანონმაც უნდა გაითვალისწინოს ტოლერანტობის ფაქტორი. დიახ, და ეს სულაც არ აყენებს ზიანს ეროვნულ იდენტობას“.

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: „თქვენ ტოლერანტობისა და დიალოგის მომხრე ბრძანდებით. როგორ გგონიათ, საკმარისად აქვთ დიალოგი ერთმანეთთან მუსლიმებსა და არამუსლიმებს ევროპაში?“

მუჰამედ ბინ აბდულკარიმ ალ-ისა, მუსლიმთა  მსოფლიო ლიგის გენერალური მდივანი: „დილოგი  უნდა იყოს ეფექტური, გამჭვირვალე და კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდეს. ამჟამად მოწმე ვართ იმისა, რომ დიალოგის ხარისხი უმჯობესდება. მუსლიმთა მსოფლიო ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი აქტორია ამ სფეროში. ჩვენ გვყავს მოკავშირეები ყველა რელიგიურ ჯგუფში, რომლებიც ამ დიალოგში მონაწილეობენ, რათა დიალოგის ეს სერია იყოს ეფექტური და მიაღწიოს საერთო მიზნებს. უამრავი საკითხი განიხილეს ღიად და გამჭვირვალედ და ბევრი პრობლემაც გადაიჭრა, რომლებზეც წარსულში არ საუბრობდნენ იმ მცდარი შეხედულების გამო, რომ თითქოს მათ დაპირისპირების ან ინტელექტუალური კონფლიქტის გამოწვევა შეეძლოთ, არადა, ასე არ არის“.

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: „გაეროში ახლახან სიტყვით გამოსვლისას ისლამოფობიის პრობლემაზე ისაუბრეთ. რა შეიძლება გაკეთდეს მის დასაძლევად?“

მუჰამედ ბინ აბდულკარიმ ალ-ისა, მუსლიმთა  მსოფლიო ლიგის გენერალური მდივანი: „რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ზოგადად სიძულვილთან  და განსაკუთრებით ისლამოფობიასთან ბრძოლას. ამისთვის რამდენიმე ფაქტორია საჭირო. პირველ რიგში, ეს ბრძოლა უნდა დაიწყოს ოჯახშივე და გავრცელდეს სკოლაზე, ჩაიდოს სასწავლო პროგრამაში და მერე მასწავლებელმა უნდა ჩაუყაროს მტკიცე საფუძველი სწორ დამოკიდებულებას. რათა თავის მოწაფეებს აუხსნას, რა არის სიძულვილი? რატომ არსებობს ის?  რა არის სიყვარული? რატომ უნდა გვიყვარდეს? მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა სკოლის სასწავლო პროგრამის ყურადღების ცენტრში სამეცნიერო საგნებია, ეს კი საგანმანათლებლო საგნების ხარჯზე ხდება. თანაც განათლების ძირითადი საყრდენი სასწავლო პროგრამა არ არის, ეს მასწავლებელიცაა, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს. ისლამოფობია ძალიან ცუდია. ზოგადად სიძულვილია ცუდი. ყველაფერი, რასაც ექსტრემიზმი წარმოშობს, იქნება ეს ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დანაშაულის წახალისება თუ ტერორიზმი, მხოლოდ მისი ჩამდენის სინდისზეა და ეს მხოლოდ ისლამური რელიგიის წიაღში არ ხდება, სხვა რელიგიებშიც არსებობს.“

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: „ბოლო დროს ევროპაში ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტენდენცია გამოიკვეთა, ანტიისლამური პარტიები მომძლავრდნენ, საზოგადოების წევრებს შორის დაძაბულობა იზრდება. დარწმუნებული ხართ, რომ მუსლიმები და არამუსლიმები ევროპაში მშვიდობიან თანაცხოვრებასა და თანამშრომლობას შეძლებენ?“

მუჰამედ ბინ აბდულკარიმ ალ-ისა, მუსლიმთა  მსოფლიო ლიგის გენერალური მდივანი: „ვინც კი სიძულვილსა და რასისტულ მიდგომაზე დააფუძნებს თავის საარჩევნო პლატფორმას, საბოლოო ჯამში, ვერასოდეს მიაღწევს ყველა მიზანს. გადავხედოთ ისტორიას. ვინც კი ამის გაკეთება მოინდომა, ყველამ ცუდად დაასრულა, ყველამ  –  მუსლიმი იქნებოდა თუ არამუსლიმი. ჩვენ ყველას ვხვდებით და ყველას ვესაუბრებით. თქვენ აღნიშნეთ გარკვეული ჯგუფები, რომელთაც ჩვენ ვხვდებით. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბევრს სწორად ესმის ჩვენი. ზოგიერთი მათგანი მიხვდა, რომ ეს იდეოლოგია მცდარია და ჩიხში შედის. მთავარია, გავარკვიოთ სიმართლე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავითავისოთ ჩვენი რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება. არ უნდა გეშინოდეს სხვების მათი განსხვავებული რელიგიურ მრწამსის ან ეთნიკური წარმოშობის გამო – არასოდეს.“

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: „თქვენ საუბრობთ, თუ როგორ უნდა ვძლიოთ სიძულვილს სიყვარულით. ეს შესანიშნავია, მაგრამ რას გრძნობთ, როდესაც ღაზის ამბებს უყურებთ? რას ფიქრობს ამაზე მუსლიმური სამყარო?“

მუჰამედ ბინ აბდულკარიმ ალ-ისა, მუსლიმთა  მსოფლიო ლიგის გენერალური მდივანი: „რა თქმა უნდა, რაც ღაზაში ხდება, ტრაგედიაა და უთანაბრდება გენოციდს. ის, რაც ღაზაში ხდება, არღვევს საერთაშორისო და ჰუმანიტარულ კანონებს. თავისი მრავალფეროვნების მიუხედავად, მსოფლიომ მიაღწია შეთანხმებას ამ საკითხზე. ჩვენს თანამედროვეობაში მსგავსი ტრაგედია არ გვინახავს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ეს ტრაგედია შედეგად მოიტანს პასუხისმგებლობას და ეს კიდევ უფრო გაგვაერთიანებს. ჩვენ გვჯერა, რომ ღაზა ისევ მოიკრებს ძალას, თუმცა უკვე პალესტინის სახელმწიფოს კონტექსტში. პალესტინელ ხალხს აქვს უფლება, იცხოვროს დამოუკიდებელ სახელმწიფოში და აღმოსავლეთი იერუსალიმი იყოს მისი დედაქალაქი. ეს პალესტინელების უფლებაა.“

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: „ანტისემიტიზმის შემთხვევებიც მატულობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. როგორ შეიძლება ამ ფენომენის დამარცხება?“

მუჰამედ ბინ აბდულკარიმ ალ-ისა, მუსლიმთა  მსოფლიო ლიგის გენერალური მდივანი:  „ჩვენ სიძულვილის  ნებისმიერი ფორმით გამოხატვის წინააღმდეგი ვართ. ასევე წინააღმდეგი ვართ ხალხის მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულებისა მათი რწმენისა და რელიგიური კუთვნილების ნიადაგზე. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში, რათა დავუპირისპირდეთ მსგავს შეთქმულებებს. რა თქმა უნდა, იმისთვის ვიყავით ოსვენციმში, რათა ყველას გასაგონად გვეთქვა, რომ ისლამი უარყოფს, კიცხავს  და მკაცრად გმობს ჰოლოკოსტს. ყველას ვუთხარით, რომ ისლამი უარყოფს, კიცხავს  და უპირობოდ კრიმინალად აცხადებს გენოციდსა და ებრაელების თემის დარბევას, რადგან ისინი ებრაელები იყვნენ აღმსარებლობით ან წარმოშობით. ისიც ვთქვით, რომ ეს ვიზიტი პოლიტიკური მნიშვნელობის კი არ იყო, არამედ  ჰუმანიტარული, მორალური და ღირებულებებზე დაფუძნებული. ისიც აღვნიშნეთ, რომ ყველაფერი, რაც ღაზაში ხდება, ისრაელის მოქმედი ოკუპაციური მთავრობის დამსახურებაა და არა სხვა ებრაელებისა. ჩვენ შეგვიძლია ამის გარჩევა“.

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: „უნდა ჰქონდეთ თუ არა ქალებს,  მამაკაცების მსგავსად,  იგივე უფლებები,  რომლებიც  ახლო აღმოსავლეთში სკოლაში სწავლასა და სხვა უფლებრივ საკითხებს უკავშირდება?“

მუჰამედ ბინ აბდულკარიმ ალ-ისა, მუსლიმთა  მსოფლიო ლიგის გენერალური მდივანი: „ქალებს, ისევე როგორც მამაკაცებს, აქვთ განათლების  მიღების უფლება გამონაკლისის გარეშე, იქნება ეს სკოლაში სიარული თუ აკადემიური სპეციალიზაცია. მექას დოკუმენტში, რომელსაც ხელს 1200 მუფთი და 4500 მუსლიმი მოაზროვნე აწერს, ჩადებულია მუხლი, რომელიც ქალის გაძლიერებასა და მათი უფლებების დაცვას ეხება, მათ შორის თანასწორობასაც, თუნდაც თანაბარ ანაზღაურებას, რადგან, სამწუხაროდ, მრავალ ქვეყანაში ქალები ჯერ კიდევ არ იღებენ თანასწორ ანაზღაურებას.“

ავტორები: სამია მეკი, შანდორ ჟიროში  და იესე დიმიქლუვე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend