„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, უცხოური გრანტის ასაღებად მთავრობის ან მისი წარმომადგენლის თანხმობა იქნება საჭირო.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, გრანტის მიზნის ცვლილება თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. კერძოდ, დარღვევის შემთხვევაში, მიმღები დაჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით.
მონიტორინგს განახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო, რომლის სანდოობასა და გამჭვირვალობაზე კითხვები აქვს როგორც ოპოზიციას, ისე სამოქალაქო სექტორს.
მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.
„გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე „ქართულმა ოცნებამ“ 7 აპრილს განაცხადა.