ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვის რიგით მეორე მასშტაბურ საჰაერო იერიშს უკრაინაში, ქალაქ სუმიში, სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ბალისტიკური რაკეტები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა: ერთი ქუჩაში, ხოლო მეორე უნივერსიტეტის შენობას დაეცა – სწორედ მაშინ, როდესაც მოსახლეობა ბზობის დღესასწაულის აღსანიშნად იკრიბებოდა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალაქ სუმიში, ისევე როგორც კრივი-რიჰში, არც სამხედრო ბაზებია და არც სამხედრო პერსონალი იმყოფება. მათი თქმით, მოსკოვის მიერ განხორციელებული თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ერის განადგურებას ემსახურება.
თავდასხმის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.
„ამ პარასკევს ზუსტად ერთი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარყო აშშ-ის წინადადება ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ. მათ არ ეშინიათ. და სწორედ ამიტომ მიმართავენ ბალისტიკურ რაკეტებს. ამიტომაც ესხმიან თავს, ყოველ ღამე, ჩვეულებრივ უკრაინულ ქალაქებს ასობით „შაჰედის“ დრონით.
მხოლოდ ზეწოლით, მხოლოდ გადამწყვეტი ქმედებებით შეიძლება ამის შეცვლა. ყოველი რუსული ბალისტიკური რაკეტა, ყოველი საკრუიზო რაკეტა, ყოველი „შაჰედის“ დრონი და ყოველი მართვადი ბომბი ურტყამს არა მხოლოდ ჩვენს ხალხს და დასახლებებს, არამედ ყველა იმ ადამიანის დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალისხმევას, ვინც ნამდვილად ცდილობს ამ ომის დასრულებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ქალაქ სუმიზე მოსკოვის სარაკეტო თავდასხმას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „საშინელება“ უწოდა, თუმცა უშუალოდ რუსეთი არ უხსენებია და მიანიშნა, რომ თავდასხმა „შეცდომით“ განხორციელდა.
„საშინელებაა. როგორც მითხრეს, ეს შეცდომით მოხდა. მთელი ეს ომი საშინელებაა. ამ ომის დაწყება – ძალაუფლების ბოროტად გამოყენება იყო. ჩვენი ქვეყანა ამ ომის დაწყებას არასოდეს დაუშვებდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მილიონობით ადამიანი, რომელიც ახლა ცოცხალი უნდა იყოს, მკვდარია. მთელი უკრაინის გარშემო ნადგურდება ქალაქები. მთელი კულტურა განადგურდა, ან სულ მცირე, ძალიან დაზიანდა. დაინგრა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სამლოცველოები და ეკლესიები, მილიონობით ადამიანია მკვდარი. დაფიქრდით ამაზე. სწორედ ესაა გაყალბებული არჩევნები. ეს რომ არ მომხდარიყო, ომი უკრაინაში არასდროს დაიწყებოდა“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, სურს თუ არა იმის თქმა, რომ რუსები თავს შეცდომით დაესხნენ – დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მას ასე სჯერა.
სუმიზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერებიც. მათი თქმით, მოსკოვის ბოლო იერიში დასტურია იმისა, რომ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება არ სურს და ამიტომ საჭიროა, მისი იძულება ბრძოლის შეწყვეტის მიზნით.
„ყველაზე სასიკვდილო თავდასხმების მოწმენი ვხდებით. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა დასთანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, ხოლო რუსეთისგან ამის სურვილს ვერ ვხედავთ. აშკარაა, რომ საჭიროა, უკრაინას მეტად დავეხმაროთ. მიხარია, რომ ჩემი წინადადების ფარგლებში უკვე შევაგროვეთ სამხედრო აღჭურვილობის ორი მესამედი. რა თქმა უნდა, მეტია გასაკეთებელი. ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ 23 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე, ეს გასულ წელს გაღებულ თანხაზე მეტია, მაგრამ ამასთან, აუცილებელია გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზეც – რათა მან შეწყვიტოს ეს ომი“, – ამბობს კაია კალასი, საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
„ამ შაბათ-კვირას, ბზობას, უკრაინაში ომის სისასტიკემ პიკს მიაღწია. სუმიში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მშვიდობიანი მოქალაქეები ორჯერ გახდნენ ვლადიმირ პუტინის რაკეტების სამიზნე. ეს ადასტურებს ვლადიმირ პუტინის ზიზღს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ომის კანონების მიმართ. მაშინ, როდესაც უკრაინა თვეზე მეტია, რაც ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა – ვლადიმირ პუტინს ამ მიმართულებით მოქმედების არავითარი სურვილი არ გააჩნია. ასე რომ, საჭიროა, იგი იძულებული გახდეს შეწყვიტოს ბრძოლა. ამიტომ, მოვუწოდებ ევროკავშირს – დააწესოს ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მოგუდოს მისი ეკონომიკა და ხელი შეუშალოს ამ ომის წარმოებაში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.
„უკრაინა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას ერთ თვეზე მეტია, რაც დასთანხმდა. კრივი-რიჰსა და სუმიზე ეს ამაზრზენი თავდასხმა რუსეთის დამცინავი პასუხია. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი და აშშ-ის ადმინისტრაცია ხედავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დასცინის მათ ძალისხმევას და ვიმედოვნებ, შესაბამისი გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინა ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტას 11 მარტს აშშ-სთან საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დასთანხმდა, თუმცა ამ დრომდე, მოსკოვის მხრიდან ვაშინგტონის წინადადებაზე თანხმობის გაცემის ნიშნები არ ჩანს.