მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპმა ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება 90 დღით გააუქმა

დონალდ ტრამპმა ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება 90 დღით გააუქმა

ამერიკულ საფონდო ბირჟებზე კომპანიების ფასების ვარდნის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს, 9 აპრილს, მოულოდნელად ქვეყნების უმრავლესობისთვის ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება 90 დღით გააუქმა.

მანამდე, სამშაბათს, 8 აპრილს, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ტარიფების შეჩერებას არ გეგმავდა. თუმცა ტარიფები შენარჩუნდა ჩინურ იმპორტზე და პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, კიდევ 125%-მდე გაიზარდა.

ტარიფების გაუქმების შემდეგ S&P 500-ის საფონდო ინდექსი 9.5%-ით გაიზარდა, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ 90 დღის განმავლობაში ქვეყნებისგან შემოთავაზებებს ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფები კვლავ აღდგება. აგრეთვე, იმ ქვეყნებისთვის, რომლებზეც ტარიფები გადავადდა, სტანდარტული 10%-იანი ტარიფი მაინც იქნება.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თავისი გადაწყვეტილება ახსნა.

„როგორია თქვენი სანდოობა? თქვენ თქვით, რომ ეს ტარიფები ოთხშაბათიდან ამოქმედდებოდა და არანაირი პაუზა არ იქნებოდა, მაგრამ დღეს ტარიფებს აუქმებთ. როგორ შეუძლია ხალხს თქვენი სიტყვების დაჯერება?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს.

„საქმე ამაში არაა. მოქნილი უნდა იყო. მე შემიძლია ვთქვა, რომ აქაა კედელი და რაც არ უნდა მოხდეს, მასში გავივლი. თუმცა კედლის გავლა არ შეგიძლია. ხანდახან კედლის ქვეშ გაძრომა, გარშემო მოვლა ან კედელზე გადასვლა უნდა შეგეძლოს. ამ ბიჭებმა ეს ყველაზე უკეთ იციან, არა? ხანდახან უნდა შემოუარო. ბაზარი ხშირად იცვლება. შეხედეთ, რამდენად შეიცვალა ის დღეს. საკმაოდ ზომიერი ტემპით მივდივართ, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბაზარი უხერხულად გამოიყურებოდა. ამბობდნენ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი დღე ფინანსურ ისტორიაში. საკმაოდ დიდი ცვლილებაა. ვფიქრობ, სწორი სიტყვა იქნება „მოქნილი“. უნდა იყოთ მოქნილი“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ჟურნალისტებთან ისაუბრა ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმაც. მისი თქმით, დონალდ ტრამპს ტარიფები საფონდო ბირჟებზე არსებული ვითარების გამო არ გაუუქმებია და ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი.

„ამ პოლიტიკას დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს. მას საუკეთესოდ ეხერხება მოლაპარაკებები და უდიდესი ადამიანია, რომელსაც საკითხი კარგად ესმის. ესაა მისი მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევასაც ცდილობს. გუშინ ან გუშინწინ პირველი დღე იყო, როცა თქვა, რომ მას მოლაპარაკებები სურს. უამრავი ზარი შემოვიდა მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ მოლაპარაკებები სურს. უბრალოდ გიჟური რამ მოხდა, ზარების რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ შეუძლებელი იყო ყველა ამ მოკავშირე ქვეყნის პატივისცემა. ამრიგად, როგორ შეიძლებოდა მოვქცეულიყავით, როცა ქვეყანა ამბობს, რომ სურს მოსვლა და ლაპარაკი, რომ იქნება გონივრული და სასაუბროდაა მზად. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამას, როცა ამდენი ქვეყანაა, რომელიც ჩვენს დროსა და პატივისცემას იმსახურებს? შესაბამისად, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ტარიფი ყველასთვის შეეჩერებინა და 10% დაეწესებინა. წავიდეთ და მოვილაპარაკოთ ყველა ამ ქვეყანასთან და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა აშშ-ისთვის კარგი გარიგების მიღწევა“, – ამბობს ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა მრჩევლებმა ტარიფების „გადავადების გეგმაზე“ მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს და 9 აპრილს დილით დაასრულეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend