ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის „შავი სარკის“ ახალ სეზონს მაყურებელი მალე იხილავს. სერიალის მეშვიდე სეზონის პრემიერა 10 აპრილს გაიმართება. ის შედგება 6 ეპიზოდისგან, რომელშიც ტექნოლოგიის ბნელ მხარესა და ადამიანის ბუნებას იკვლევენ.
„გასული სეზონი უფრო მეტად საშინელებათა ჟანრის სერიალის დასაწყისს ჰგავდა. თუმცა ამჯერად უკვე ვიცოდი, თუ რისი ჩვენება მინდოდა. „შავი სარკე“ – ეს მეცნიერული ფანტასტიკაა და მინდოდა, ყველა ამბავში ტექნიკური ელემენტი ყოფილიყო. ამ სეზონში თითოეული ისტორია ტექნოლოგიას უკავშირდება. თემატიკა ეხება ადამიანების ცხოვრებას, კერძოდ, უარესდება მათი ცხოვრება თუ პირიქით უმჯობესდება იმის გამო, რაც ამა თუ იმ დროს ხდება”, – აცხადებს რეჟისორი ჩარლი ბრუკერი.
სერიალში ექვსივე ეპიზოდი განსხვავებულია, თუმცა ერთ-ერთი აგრძელებს ემის გამარჯვებული მე-4 სეზონის ფავორიტი ეპიზოდის ისტორიას.
მე-7 სეზონში მონაწილეობენ რაშიდა ჯონსი, კრის ო’დაუდი, ბილი მაგნუსენი, კრისტინ მილიოტი, ტრეისი ელის როსი, უილ პოულტერი და სხვები. მათ შორის არიან ისინი, ვინც ამ სერიალის გასვლის დღიდან მისი თაყვანისმცემლები იყვნენ.
„ჩარლი ბრუკერი სულ სხვანაირად ფიქრობს. ჯერ ბოლომდე არც მესმის, მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდი წავიკითხე და ვნახე. თუმცა, ვიცი, რომ ეს გენიალურია. ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ის ერთ-ერთი რამ არის, რისი დიდი თაყვანისმცემელიც ვიყავი ადრე და ახლა მეც მისი ნაწილი ვარ. მე ყოველთვის შემიძლია, რომ მოვიხედო უკან და ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო სირთულეები, მაგრამ ასევე იყო ეს ბრწყინვალე დრო”, – ამბობს მსახიობი ლუის გრიბენი.
„შავი სარკე“ მაყურებელმა პირველად 2011 წელს იხილა. ის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული. სერიალის ყოველი ეპიზოდი ცალკე ისტორიაა, მოქმედება კი, ძირითადად, ახლო მომავალში ხდება, სხვადასხვა მსახიობი თამაშობს, განსხვავებულია მოქმედების ადგილიცა და სცენარიც. სერიალში ნაჩვენებია თანამედროვე საზოგადოება, განსაკუთრებით კი, მასზე ტექნოლოგიების ზემოქმედების შედეგი.