მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

ორშაბათი ყველასთვის  მძიმე დღეა. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ აპრილს ახლავს მზე და ისეთი ეკლექტიკური მოვლენები, რომლებიც დაგვეხმარება ზამთრის ძილიდან გამოსვლაში.

ამ კვირის რეკომენდაციებთან ერთად ჩვენ ასევე გირჩევთ, ეწვიოთ Mauritshuis-ის მუზეუმს და ნახოთ 60 ქარიზმატული ინტერპრეტაცია ვერმეერის ნამუშევრისა „გოგონა მარგალიტის საყურით“.  პარიზში პომპიდუს ცენტრი კი ფერადკანიანი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს.

საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ამბავი შეიტყო, ველ კილმერი გარდაიცვალა. სწორედ ახლაა შესაფერისი დრო, უყუროთ ფილმებს მისი მონაწილეობით.  რადგან ფილმებზე ვსაუბრობთ, გეტყვით,  რომ ამ პარასკევს კანის კინოფესტივალის წლევანდელი შემადგენლობა გამოცხადდა… და ის უკვე საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. არ გამოგრჩეთ ჩვენი სრული მიმოხილვა.

გამოფენები

José María Velasco: A View of Mexico

ხოსე მარია ველასკოს ნახატის ნახვა ნიშნავს მექსიკის შეყვარებას, თითოეული დეტალი ქვეყნის ბუნებრივ სილამაზეს წარმოაჩენს.  მე-19 საუკუნის მხატვარი ცნობილი იყო თავისი პეიზაჟებით, რომლებიც აერთიანებდა გეოლოგიას, არქეოლოგიასა და ბოტანიკას, ასევე  განვითარებადი ინდუსტრიალიზაციის შტრიხებს. ამის შედეგად ჩვენ წინაა ინტელექტუალური, დახვეწილი და დეტალური აღწერილობა იმ ადგილის შესახებ, რომელიც ცოტას თუ უნახავს აქამდე.

გამოფენა, რომელიც ბრიტანეთის ეროვნულ გალერეაში, 17 აგვისტომდე იმართება, მექსიკისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 200 წლის იუბილეს ემთხვევა. ის ასევე პირველი გამოფენაა, რომელიც მიეძღვნება ისტორიულ, ლათინოამერიკელ მხატვარს ეროვნულ გალერეაში.

Inner child

სოციალურ მედიაში საზოგადოების გახსნილობამ, ასევე  ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ სტიგმების თანდათანობით მსხვრევამ  შინაგანი ბავშვის ფენომენის შესახებ გააძლიერა დისკუსია.  ამ გზით ადამიანები აღადგენენ კავშირს წარსულთან. „ბავშვის“ არქეტიპის იდეა ეკუთვნის შვეიცარიელ ფსიქიატრსა და ფსიქოთერაპევტს კარლ იუნგს, რომელსაც წელს 150 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ეს საკითხია  სიღრმისეულად გადმოცემული ოპერის გალერეის უახლეს გამოფენაზე ორი მხატვრის – იაიოი კუსამასა და აწ გარდაცვლილი ნიკი დე სენ-ფალის მიერ. გამოფენაზე წარმოდგენილია 41 ნამუშევარი, რომლებიც კრეატიულობისა და ფსიქოლოგიის ერთგვარი შერწყმაა. გამოფენა ლონდონის ოპერის გალერეაში იმართება და 5 მაისამდე გასტანს.

გამოფენა War Child’s Secret 7

2025 წლის გამოფენისთვის საქველმოქმედო ორგანიზაცია War Child წარადგენს სპეციალურად შექმნილ ვინილის  700 ფირფიტას,  რომლებიც 2025 წლის 1-ელ ივნისს აუქციონზე გაიყიდება. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს, გაამდიდროს თავისი კოლექცია, თანხა კი ქველმოქმედებას მოახმაროს.  ვინც უბრალოდ დათვალიერებას აპირებს,  მათთვის გამოყოფილია სივრცე,  სადაც შეუძლიათ, მოუსმინონ შვიდივე ჩანაწერს, ისევე როგორც Secret 7-ის სრულ არქივს.

ღონისძიებები

მილანის დიზაინის კვირეული

წელს მსოფლიოში დიზაინის ყველაზე დიდი ფესტივალი კიდევ უფრო განსაკუთრებულია თავისი შინაარსით. აქ წარმოდგენილია ყველაფერი – დიზაინერ მაიკლ ანასტასიადესის განათება, კინორეჟისორ პაოლო სორენტინოს ინსტალაცია და ცნობილი არქიტექტორებისა და დიზაინერების, მათ შორის  დევიდ ჩიფერფილდისა და ოდრი ლარჯის დახვეწილი ვაზების კოლექცია.  მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ყურადღება  Salone del Mobile ავეჯის ბაზრობაზეა გადატანილი, ქალაქში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, მათ შორის სპექტაკლები, წარმოდგენები და გამოფენაც კი, სადაც მნახველებს შეუძლიათ, მოისვენონ  და დაიძინონ კიდეც გალერეაში.  დასვენება ხომ ასე აუცილებელია ამდენი საინტერესო რამის დათვალიერების შემდეგ. ღონისძიება იტალიაში, კერძოდ მილანში, 7-დან 13 აპრილამდე გაიმართება.

ბარსელონის ლუდის ფესტივალი

ულამაზესი ბარსელონა და ბევრი ლუდი – განა გვჭირდება უფრო მეტი თქვენი ყურადღების მისაპყრობად? ოთხი მეგობრის მიერ 2012 წელს შემუშავებული იდეა BBF კრაფტ ლუდის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა ესპანეთში. ფესტივალში მთელი მსოფლიოდან 100-ზე მეტი ლუდსახარში იღებს მონაწილეობას. დეგუსტაცია, სემინარები, დისკუსიები და უბრალოდ ძველმოდური კომუნიკაციის სულისკვეთება ცივი, გამაგრილებელი სასმლის ფონზე, რაც ასე უყვარს თითქმის ყველას. ბარსელონის ლუდის ფესტივალი 11-იდან 13 აპრილამდე გაგრძელდება.

ფილმები

Drop


.

ოდესმე მატარებელში ვინმეს გამოუგზავნია მზის სათვალეებიანი კატის მიმი, რომელიც  მცირედით აგაღელვებთ და თან გაგაოცებთ?  თუ ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება? კარგი. აბა, მაშინ წარმოიდგინეთ ეს სცენარი:  თქვენ ხართ პირველ პაემანზე და ჰაერში ჩამოცვენილი მინიშნებებით გეუბნებიან,  რომ მოკლათ ის კაცი, რომელთან ერთადაც ხართ, წინააღმდეგ შემთხვევაში დახოცავენ თქვენს შვილსა და დას. ამაში ნამდვილად არაფერია სახალისო. ეს არის კრისტოფერ ლენდონის საშინელებათა ფილმის, Drop-ის საფუძველი. ფილმში მეგან ფეჰი ვიოლეტის როლს ასრულებს, ქვრივის, რომელიც პაემანზე კარგ დროს ატარებს ჰენრისთან (ბრენდონ სკლენართან) ერთად. პარალელურად კი ზემოთ ნახსენები იდუმალი მოვლენები ვითარდება. ფილმი ევროპის კინოეკრანებზე 11 აპრილს გამოვა.

Death of a Unicorn


.

ფრთხილად იყავით unicorn-თან.  განსაკუთრებით ისეთებთან, რომელთაც დიდი რქები აქვთ. A24-ის ამ უახლეს ნამუშევარში პოლ რადი და ჯენა ორტეგა მონაწილეობენ, როგორც მამა-შვილი, რომლებიც ცდილობენ თავიანთი რთული ურთიერთობის გამოსწორებას. ისინი შემთხვევით დაეჯახებიან და მოკლავენ იუნიქორნს. აღმოჩნდება, რომ მას აქვს კიბოს განკურნების მისტიკური შესაძლებლობები. შეგიძლიათ, ნახოთ ევრონიუსის კინოკრიტიკოსის შეფასება.

სერიალები

The Last of Us


.

ორწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, დადგა მომენტი, რომელსაც ასე ელოდნენ სერიალების მოყვარულები. უკვე ორი წელი გავიდა შთამბეჭდავი ფინალიდან, რომელშიც ვნახეთ,  როგორც ხოცავენ ბუზებივით ზომბებს ჯოელი (პედრო პასკალი) და ელი (ბელა რამზი). სიუჟეტი პოსტაპოკალიფსურ ფრენჩაიზზეა დაფუძნებული. მოქმედება ხდება სამყაროში, რომელიც განადგურებულია მუტაციური სოკოთი, სახელად Cordyceps, რომელიც ადამიანებს  გაცოფებულ ზომბებად აქცევს. ელის პერსონაჟს კი იშვიათი იმუნიტეტი აქვს. პირველი სეზონის მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ ჩვენ მივყვებით ელის შურისძიების გზას მის შეყვარებულ დინასთან ერთად (შენონ ვუდუორდი). ახალი სერიები 13 აპრილიდან გამოვა.

მუსიკა

Bon Iver: SABLE, fABLE


.

ბონ ივერი ყოველთვის ახერხებდა გარდამავალი პერიოდების აღქმას. ეს არის პაუზა აზრებსა და მომენტებს შორის, თუ ვინ ვიყავით და საით მივდივართ. მაშ, იდეალური დროა ამ ახალი ალბომისთვის, რომელიც გაზაფხულის დადგომასთან ერთად გვიძღვნეს.  ალბომი ჯასტინ ვერნონის მშობლიურ ქალაქში, ვისკონსინში, COVID-ის პანდემიის დროს არის ჩაწერილი. მასში მრავლადაა მისი საფირმო შტრიხები, ასევე სხვადასხვა ჰარმონიული ჰანგი.  ალბომი მსმენელისთვის 11 აპრილს გახდება ხელმისაწვდომი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend