აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს დაწესებული გლობალური ტარიფების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის ეკონომიკა შეადარა „ავადმყოფ პაციენტს“, რომელმაც საოპერაციო პალატა ახლახან დატოვა.
„იცით, ჩვენი ეკონომიკა ჰგავს პაციენტს, რომელიც ძალიან იყო ავად. ჩვენ მემკვიდრეობით მართლაც საშინელი ეკონომიკური მდგომარეობა მივიღეთ და როგორც მოგეხსენებათ, ბევრი სხვა პრობლემაც, მათ შორის წარმოების შემცირება და ქვეყნის მასშტაბით ქარხნების დახურვა. ჩვენ დაკარგული გვაქვს 90 000 საწარმო. ეს დაუჯერებელიც კია. დაკარგულია დაახლოებით 6 მილიონი სამუშაო ადგილი. ამრიგად, ჩვენი ეკონომიკა ავადაა – ის იყო ავადმყოფი პაციენტი და „გათავისუფლების დღეს“ მან ოპერაცია გაიკეთა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
რესპუბლიკელი პრეზიდენტის მიერ დაწესებული ტარიფების გამო დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსის მაჩვენებელი 1600 ქულით გაუარესდა. მსგავსი ეკონომიკური შოკი კოვიდპანდემიის შემდეგ ამერიკაში არ ყოფილა.
„აშშ-ის ინდუსტრიაში და განსაკუთრებით ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან, იყო პანიკური რეაქცია. ზოგიერთი გაოგნებულია და არ იცის, რა უნდა გააკეთოს ასეთი მაღალი ტარიფების დაწესების შემდეგ. მაგალითად, სამხრეთ კორეას აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს. ის ვაშინგტონის მნიშვნელოვანი პარტნიორია. მათი ტარიფები იმპორტირებულ ამერიკულ პროდუქციაზე 0.79%-ია, ანუ ერთ პროცენტზე ნაკლები. ტრამპის ადმინისტრაციამ კი 25-26%-იანი ტარიფი დააწესა. არავინაა დარწმუნებული იმაში, თუ რა არის ეს, მაგრამ ძალიან მაღალია და მათ არ იციან რა ქნან“, – ამბობს მაურის ობსტფელდი, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის თანამშრომელი.
დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფები სხვა ქვეყნებს ვაშინგტონთან მოლაპარაკების კარგ შესაძლებლობას აძლევს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ასეთი მოლაპარაკების საგანი ჩინური სოციალური პლატფორმა TikTok-ია. კერძოდ, თუ ჩინეთი TikTok-ის გაყიდვას დათანხმდება, აშშ ტარიფებს შეამსუბუქებს.

„თუ ვინმე გვეტყვის, რომ აპირებს რაიმე ფენომენალურის შემოთავაზებას, რაღაც კარგის, მაგალითად TikTok-ის. ჩვენ TikTok-თან გვაქვს სიტუაცია, როცა ჩინეთი, ალბათ, თანახმა იქნება გარიგებაზე, მაგრამ გვკითხავს სანაცვლოდ ტარიფებთან დაკავშირებით თუ გავაკეთებთ რამეს. ტარიფები მოლაპარაკების დიდ შესაძლებლობას გვაძლევს. ყოველთვის ასე იყო. პირველი პრეზიდენტობის დროსაც მე მათ ძალიან კარგად ვიყენებდი და ახლა ჩვენ ამას ახალ სრულიად ახალ დონეზე ავიყვანთ, რადგან ასეთია მდგომარეობა მსოფლიოში და ეს ძალიან საინტერესო სანახავია“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ექსპერტების თქმით, „აშშ ახლა ყველასთან ომშია“ და ამას მალე ამერიკელები თავიანთ ჯიბეზეც იგრძნობენ. მათი თქმით, ძალიან მალე ფასები გაიზრდება სწორედ იმ საქონელზე, რომელსაც ამერიკელები ყველაზე ხშირად იყენებენ და აფასებენ.

