პარიზში დღეს, 27 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 31 ქვეყნის დელეგაციას ელოდება. ელისეის სასახლეში „მსურველთა კოალიციის“ პირველი სამიტი გაიმართება. ეს სახელწოდება იმის ხაზგასასმელად შეარჩიეს, რომ უკრაინის მოკავშირეებს ქვეყნის დახმარება ნამდვილად სურთ. ამ კოალიციის შექმნის იდეა ემანუელ მაკრონსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ეკუთვნით. „მსურველთა კოალიციის“ პირველი სამიტი იმაზე მრავალრიცხოვანი იქნება, ვიდრე 2025 წლის თებერვალში ჩატარებული საგანგებო სამიტი იყო.
კოალიციის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს პარიზში, ელისეის სასახლეში, უმასპინძლა. ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ემანუელ მაკრონმა ისაუბრა უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების საკითხზე და აღნიშნა, რომ ამის შესახებ სამიტზე სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად იმსჯელებენ. მისივე განმარტებით, ახლა ყველასთვის პრიორიტეტულია უკრაინული არმიის გაწვრთნა, გაძლიერება და განვითარება, რათა რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს წარმატებით გაუმკლავდეს.

„რა არის პოტენციური სამშვიდობო, მონიტორინგის ან სამეთვალყურეო მექანიზმები? ამაზე ხვალ ვისაუბრებთ. ამის პრევენცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებულია, დავარწმუნოთ და მხარი დავუჭიროთ იმ არჩევანს, რომელსაც უკრაინა გააკეთებს. თუმცა ნებისმიერი ასეთი მოქმედება დამოკიდებულია სამშვიდობო ოპერაციასა და იმაზე, თუ რა ხდება უშუალოდ ფრონტზე. შემდგომ საჭიროა უსაფრთხოების გარანტირება, რაც მშვიდობას არ ნიშნავს. ეს ძირითადად გულისხმობს შემდეგს – თუ ხვალ რუსეთი, როგორც ამას ის აკეთებდა ყოველ ჯერზე, განაახლებს ოპერაციას, მაგალითად, სამ წელიწადში, ან ხუთ წელიწადში, რა მოხდებოდა ასეთ დროს? რა შეგვიშლის ხელს გუშინდელი შეცდომების გამეორებაში?
პირველ ყოვლისა, უკრაინის არმიის განვითარება. და რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? – იმიტომ რომ დღეს უკრაინის არმია, ფაქტობრივად, ევროპის უდიდესი არმიაა. ასე რომ, ვაპირებთ გავაგრძელოთ მთელი რიგი სამუშაოები, რომლებიც დავიწყეთ. კერძოდ, შევაფასოთ რა შესაძლებლობები აქვს უკრაინის არმიას და როგორ შეძლებს ის შემდგომში რუსული აგრესიის შეჩერებას. ამრიგად, სწორედ ეს არის სამხედრო ამოცანა, რაც საჭიროებს წვრთნებს და ევროპელების მიერ ამ არმიის მხარდაჭერას, რადგან გარკვეულწილად, ესაა ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ავანგარდი“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
EN DIRECT | Conférence de presse du Président @EmmanuelMacron et du Président de l’Ukraine Volodymyr Zelensky. https://t.co/aAPHAAp4hq
— Élysée (@Elysee) March 26, 2025
ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინაში ევროპული ჯარები განლაგდება, ეს მხოლოდ გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის იქნება და არა საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად. საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, ჯარების განლაგება შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვან ქალაქებსა და სტრატეგიულ სამხედრო ბაზებზე.
„ჩვენ არც ფრონტის ხაზზე ვიქნებით და არც რუსული სამხედრო ძალების წინააღმდეგ ვიბრძოლებთ. თუმცა ჩვენი ჯარები რუსების ხელახალ თავდასხმას შეაკავებენ. რამდენიმე ევროპული ქვეყანა მხარს უჭერს მნიშვნელოვანი უკრაინული ქალაქებისა და სტრატეგიული ბაზების დაკავებას და შემდგომ უკრაინულ მიწაზე ლოგისტიკურ მხარდაჭერასა და უკრაინელი სამხედროების წვრთნას. აგრეთვე, თუ იქნება მკაფიო ნიშნები იმისა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია იგეგმება, ჩვენ გვყავს ჯარისკაცები, რომლებსაც აქვთ აღებული ვალდებულება შეიარაღებული ძალების მეთაურის გადაწყვეტილებაზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ და თუ ისინი კონფლიქტის ზონაში არიან, უპასუხონ.
ამრიგად, მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავსვათ უკრაინაზე კითხვები, რომლებიც არასდროს დაგვისვამს სხვა ქვეყანაზე, სადაც ჯარები განლაგებული გვყავდა. ჩვენ არ მივდივართ ფრონტზე, არ მივდივართ საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ იქ ვიქნებით იმისთვის, რომ ხანგრძლივი მშვიდობა იყოს გარანტირებული. ეს პაციფისტური მიდგომაა და ერთადერთი, ვისაც იმ მომენტში სამხედრო კონფლიქტის გამოწვევა შეეძლება, რუსეთი იქნება.
ეს არის მკაცრი ჩარჩო, რომლითაც ვმოქმედებთ. ეს ფრანგულ-ბრიტანული ტექსტია. დიდი სამუშაო გასწიეს ლონდონსა და პარიზში შტაბის უფროსებმა და ვაპირებთ ამ სამუშაოს გაგრძელებას“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას არავის ომში ჩართვა არ სურს და ევროპული ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებისთვის რუსული აგრესიის შესაკავებლად სჭირდება.
„არავის სურს სხვა ქვეყნების ომში ჩათრევა. სამხედრო კონტინგენტი კონტროლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ნებისმიერი კონტინგენტი შედგება საბრძოლო ნაწილებისგან, მაგრამ პირველ ყოვლისა, ისინი მიზნად ისახავენ ვითარების კონტროლის, მონიტორინგის, ერთობლივი წვრთნების ჩატარებასა და აგრეთვე, რუსების სურვილის აღკვეთას, ჩვენზე ხელახალი თავდასხმის შესახებ “, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებზე და იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი მოსკოვზე მშვიდობის მისაღწევად საჭირო ზეწოლას გააგრძელებს.
მისი თქმით, აშშ-სთან კარგად ისაუბრა, თუმცა ისიც თქვა, რომ ეს არ ეხებოდა საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებს. სხვა დეტალები უკრაინის პრეზიდენტს არ უხსენებია.
„ჩვენ კარგად ვისაუბრეთ, არ ვგულისხმობ საუდის არაბეთს, რომელმაც გადაჭრა ამერიკულ დახმარებაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხი, ეს დახმარება გვჭირდებოდა. არ მინდა იმის თქმა, თუ რამდენი პროცენტი გვჭირდება ამ დახმარების, მაგრამ დღეს გვჭირდება ნებისმიერი ოდენობა. ეს მნიშვნელოვანია აგრესორი რუსის წინააღმდეგ და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად. მეორეა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა, რაც გვჭირდება უპირველესად მშვიდობიანი მოსახლეობის, ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურების დასაცავად“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„მსურველთა კოალიციის“ სამიტს დაესწრებიან როგორც ევროკავშირის, ისე არაევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის დახმარებას განიხილავენ დღეს „მსურველთა კოალიციის“ წევრი ქვეყნები უკრაინისთვის.