თემურ ქათამაძე, რომელსაც საზოგადოება „ბათუმელი მედროშის“ სახელით იცნობს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის, საჩივრის საფუძველზე 2800 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ კლინიკაში, სადაც აქტივისტი სამედიცინო მომსახურებისთვის იმყოფებოდა, მან ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც თავად თემურ ქათამაძემ უარყო.
თემურ ქათამაძე „ვივამედში“ შიმშილობის პერიოდში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მას შიმშილობა შეწყვეტილი აქვს და კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება.
თემურ ქათამაძე 11 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია. ის თავდაპირველად, 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 16 იანვარს გათავისუფლებული აქტივისტი მოგვიანებით ისევ დააკავეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით საემიგრაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.