ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდაში, ციტრუსის ინდუსტრია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. გასულ წლებში მომხდარი ქარიშხლებისა და დაავადების გავრცელების შედეგად, ციტრუსის ბევრმა მწარმოებელმა რთული გადაწყვეტილება მიიღო – გაეყიდათ თაობების განმავლობაში კუთვნილი ფორთოხლის პლანტაციების მიწები სამშენებლო კომპანიებზე.
თუმცა არიან ისინიც, ვინც გამოწვევების მიუხედავად ტრადიციას აგრძელებს. აგრონომი ტრევორ მერფი, რომლის ოჯახსაც ციტრუსი ათწლეულებია მოჰყავს, იმედოვნებს, რომ ციტრუსის ხეების დაავადებას მალე გაუმკლავდებიან.
„ციტრუსების მწარმოებლების მესამე თაობა ვარ. ეს საქმე ბაბუაჩემმა 50-იან წლებში დაიწყო. მამაჩემი და ბიძაჩემი ახლაც ამ საქმეში არიან ჩართულნი. ფლორიდის შტატში, დაახლოებით 150 მილიონ ყუთ მოსავალს ვიღებდით. წელს კი თუ გაგვიმართლა, შეიძლება 10 მილიონი ყუთი ავიღოთ”, – ამბობს ტრევორ მერფი.
ფლორიდის შტატში ორი ათწლეულია ციტრუსის ხის გამწვანების დაავადებაა გავრცელებული. ხოლო 2017 წლიდან მოყოლებული მეურნეობა 5-მა ძლიერმა ქარიშხალმა კიდევ უფრო დააზარალა. ხეს, რომელიც ქარიშხლის დროს ტოტებსა და ფოთლებს კარგავს, აღდგენისთვის სამი წელი სჭირდება. შესაბამისად, ფლორიდაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ფორთოხლის წარმოება 90%-ით შემცირდა და ციტრუსის წარმოებაში ფლორიდას კალიფორნიამ გადაასწრო.
ფლორიდის ციტრუსებზე დამოკიდებული ბიზნესის მთელი ეკოსისტემა საფრთხეშია, მათ შორისაა 33,000 სრული და ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილი და 6,8-მილიარდიანი ინდუსტრია, ეს მხოლოდ ფლორიდაში. თავად ნაყოფის მწარმოებლების გარდა, არიან წვენების გადამამუშავებლები, სასუქების გამყიდველები, შესაფუთი მასალის კომპანიები, ტკბილეულის მწარმოებლები და სხვა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მეცნიერები ციტრუსის ხის გამწვანების დაავადების თავიდან არიდების მიზნით, გენმოდიფიცირებულ ხეზე მუშაობენ.

„„ციტრუსის გამწვანება” დამანგრეველი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც დიდწილად ციტრუსის ხეებზე მოქმედებს. მას შემდეგ, რაც დაავადება ფლორიდაში გავრცელდა, ციტრუსის ინდუსტრია მნიშვნელოვნად შემცირდა. 2006 წლიდან ის დაახლოებით 90%-ით შემცირდა. ეს სრულად დამღუპველია. მოდიფიცირებული ხე შეიცავს პესტიციდურ ცილას, რომელიც ხეში წარმოიქმნება და კლავს ბაქტერიებს, რომლებიც „ციტრუსის გამწვანების” დაავადებას იწვევენ“, – ამბობს ფლორიდის უნივერსიტეტის ენტომოლოგიისა და ნემატოლოგიის პროფესორი ლუკაშ სტელინსკი.
მეცნიერებისა და ფერმერების ვარაუდით ფლორიდაში სრულად ჯანსაღი ხეების დაბრუნებას შეიძლება სამი წელი დასჭირდეს. შესაბამისად, ადგილობრივი ფერმერები სხვა გზებსაც მიმართავენ. ხშირ შემთხვევებში, ისინი ახალ ხეებს დამცავი პანელების გარემოცვაში რგავენ, რათა ხეების დაავადება თავიდან აიცილონ.