მთავარიგადაცემებიSmart Regionsჩრდილოეთი ირლანდია - შერეული საზოგადოების ქალთა ცენტრი სამშვიდობო მისიას ემსახურება

ჩრდილოეთი ირლანდია – შერეული საზოგადოების ქალთა ცენტრი სამშვიდობო მისიას ემსახურება

ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, სამშვიდობო მისიისთვის სივრცე გახსნეს. ბელფასტის „შანკილის ქალთა საერთო ცენტრი“ არის ადგილი, რომელიც ქალებსა და ბავშვებს ემსახურება. მრავალ მათგანს ჯერ კიდევ აქვს რელიგიური კონფლიქტით გამოწვეული ტრავმა, იმ კონფლიქტისა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა გაერთიანებული სამეფოს შუღლით ყველაზე მეტად გახლეჩილ მხარეში.

ჩრდილოეთ ირლანდიაში ახალი „სამშვიდობო ცენტრი“ გაიხსნა. ბელფასტში მდებარე „შანკილის ქალთა საერთო ცენტრი“  ყველა ასაკის ქალსა და ბავშვს სოციალიზაციას, გადამზადებასა და თავშესაფარს სთავაზობს. აქ, გაერთიანებული სამეფოს ამ ყველაზე მეტად გახლეჩილ  მხარეში, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც დაღი დააჩნია რელიგიურმა კონფლიქტმა. ეს კონფლიქტი 30 წელზე დიდხანს გაგრძელდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„როდესაც აქ პირველად მოვედი, საშინლად ვნერვიულობდი,”  – ამბობს  ბეტი ტომფსონი, „შანკილის ქალთა საერთო ცენტრის“ ბენეფიციარი. „მაგრამ კარგია, რომ ყველა მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. იმიტომ, რომ დაახლოებით 5 წლის წინ არ დავჯდებოდი კათოლიკეს გვერდით. აქ კი უბრალოდ მივუჯექი და დავუწყე საუბარი მას და სულ ეს იყო. ვიფიქრე, რომ წარსული წარსულში დარჩა, ასე არაა? წარსულში ვერ იცხოვრებ. წინ უნდა წახვიდე, მიუტევო“.

სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი 1998 წელს მოეწერა, მაგრამ აქ ყოველ ღამე სახლის კარს ყველა მაინც 10 საათზე კეტავს. ახალი ცენტრი Larnak Way-ში მდებარეობს, კონფლიქტით დაზარალებულ ერთ-ერთ  ადგილას, სადაც ერთმანეთს ექიშპებოდნენ გაერთიანებული სამეფოს დამცველები – ძირითადად პროტესტანტები და ირლანდიის რესპუბლიკის დამცველები – უმთავრესად კათოლიკეები. ამ  საზიარო სივრცის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, თუმცა მის დასრულებას მრავალი წელი დასჭირდა.

„ახლა ევროკავშირში აღარ ვართ, მაგრამ 2016 წელს, როდესაც დაფინანსება მივიღეთ, ჯერ კიდევ მისი წევრი ვიყავით,“ – განმარტავს  ბეტი კარლისლი, „შანკილის ქალთა საერთო ცენტრის“  თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. „ჩვენ განათლებას ვაძლევთ ქალებს, რაც მოიცავს დაწყებითიდან საუნივერსიტეტოს ჩათვლით დონეებს. ყველას პატივისცემით და ღირსეულად ვექცევით, მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკის არის, რომელ რელიგიას აღიარებს, არც სხვა ფაქტორს ვაქცევთ ყურადღებას“.

ამ ცენტრის მიზანია, განმუხტოს გასამხედროებული კონფლიქტით გამოწვეული დაძაბულობა საზოგადოებაში. ბეტის ყოფილი პარტნიორი, რომელიც პროტესტანტი იყო, რამდენიმე წელი იჯდა ციხეში. იზაბელს, რომელიც კათოლიკეა, რამდენჯერმე მოკვლით დაემუქრნენ. ამ ორი მხარის წარმომადგენლები, რომლებიც ადრე ერთმანეთთან ომობდნენ, ახალა მეგობრები არიან და კვირაში რამდენჯერმე სხვადასხვა კურსს ერთად ესწრებიან ამ ცენტრში.

„აქ სრულყოფილი ურთიერთობაა,“ – ამბობს  იზაბელ გიბსონი, „შანკილის ქალთა საერთო ცენტრის“ ბენეფიციარი. „უბრალოდ კი არ მოვდივართ და მივდივართ. არ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ გავარჩიოთ ის პროტესტანტია, ეს  – კათოლიკე. აქ როდესაც მოვდივართ, ვინარჩუნებთ საკუთარ თვითმყოფადობასაც. ეს საუკეთესო ადგილია, რაც კი ოდესმე გახსნილა შერეული ტიპის საზოგადოებისთვის“.

ამ ცენტრის მთლიანი ბიუჯეტი 9 მილიონ ევროზე მეტია და ის მთლიანად ევროპულმა ფონდებმა დააფინანსეს. ყოველ კვირა ცენტრში საშუალოდ 150 ქალი მიდის. ბევრი მათგანი ახალგაზრდაა და იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც კონფლიქტს არ მოსწრებია, მაგრამ ამ შუღლით გამოწვეული ტრავმა მაინც აქვს და უჭირს ინტეგრაცია როგორც საზოგადოებაში, ისე შრომის ბაზარზე.

„ახალგაზრდა ქალები აქ დაახლოებით 12-15 თვე დადიან, რადგან ჩავთვალეთ, რომ ეს ხანგრძლივობა იყო საჭირო. ქალთა ცენტრი სთავაზობს ისეთ მომსახურებებს, რომლებიც ახალგაზრდა ქალებს უამრავ პრობლემას უგვარებს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებს, რომლებიც ეხება ფსიქიკურ ჯანმრთელობას, თვითშეფასებასა და საკუთარი თავის რწმენას და, რაც მთავარია, აქ უსაფრთხო და სტუმართმოყვარე გარემოა“, – განმარტავს სუსან უილსონი, „შანკილის ქალთა საერთო ცენტრის“ პროგრამის მენეჯერი.

ავტორი: ავრორა ველესი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend