მთავარისაქართველო„ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან“ - ირაკლი კობახიძე

„ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან“ – ირაკლი კობახიძე

უზბეკეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულებულია. ტაშკენტში ყოფნისას, ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, აბდულა არიპოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრებზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები.

მედიასთან საუბრისას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა რამდენიმე თემას, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მაღალჩინოსნების დასანქცირებას. პრემიერის მტკიცებით, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი საქართველოს არამეგობრულად ექცევიან და ე.წ. „დიფ სთეითის“ დავალებით მოქმედებენ.

„ეს არის იმის შედეგი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად. ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი “დიფ სთეითის” დავალებებზე, ინსტრუქციებზე, გლობალური ომის პარტიის დავალებებზე და ამ ქვეყნებს სამწუხაროდ, აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი. სხვა ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ ეს ქვეყნები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საბაბებს იყენებენ იმისათვის, რომ ხელოვნურად გააფუჭონ ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასთან. ისინი არ უფრთხილდებიან იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოსა და ესტონეთს, საქართველოსა და ლიეტუვას, საქართველოსა და ლატვიას შორის. არ აინტერესებთ არაფერი, მათ შორის საკუთარი ხალხების ინტერესები და ხელოვნურად აფუჭებენ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყანასთან და ქართველ ხალხთან. ამას არ აქვს არავითარი რაციონალური ახსნა. ზოგადად, ძალიან არასერიოზულია ის ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ბალტიისპირეთის ხელისუფლებებში, კონკრეტულ კადრებს თუ გადავხედავთ, აშკარა ხდება, რომ იქ მაინცდამაინც სერიოზულად არ ხდება საკადრო პოლიტიკის წარმოება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ ვრჩებით და დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ისაუბრა ოპოზიციაზეც. ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს კვლავ რადიკალები უწოდა და თქვა, რომ თუკი ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ამას, მისი განმარტებით, „არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ექნება“.

„დღეს ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აქვთ არავითარი შანსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ რომელიმე მუნიციპალიტეტში, რომელიმე მერის არჩევნებში ან რომელიმე საკრებულოს არჩევნებში. აქედან გამომდინარე, პრინციპში, ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება. თუ პარლამენტში არ შემოსვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ამ პოლიტიკური ნაბიჯით შეიძლება თავი დაიძვრინონ მორიგი მძიმე მარცხისგან, თუმცა ეს არის საბოლოო ჯამში მათი გადასაწყვეტი. მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ასეც და ისეც ისინი არიან განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და ყველა, 64-ვე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკაზე. მისი განმარტებით, „ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა „ქართული ოცნების“ გზავნილებით, თუმცა, მთავარია, საბოლოოდ სწორად დალაგდეს აღქმები როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend