მთავარიკუბირა იშვიათ მიწათა მეტალებს ფლობს უკრაინა და რატომ სურს ის ტრამპს?

რა იშვიათ მიწათა მეტალებს ფლობს უკრაინა და რატომ სურს ის ტრამპს?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით დღეს მან წერილი მიიღო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომელიც მზად არის ხელი მოაწეროს შეთანხმებას წიაღისეულის შესახებ.

დონალდ ტრამპმა მისი უფლებამოსილების ძალაში შესვლის შემდეგ თქვა, რომ ეს შეთანხმება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც ამერიკამ უკრაინას ომის დაწყებიდან დღემდე ფინანსური დახმარების სახით მისცა. მისი თქმით, ეს თანხა 350 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა აშშ-ის მთავრობის ჩანაწერების მიხედვით 2022 წლიდან დღემდე მხოლოდ 83.4 მილიარდი დოლარია გაცემული. Euroverify-მ გაანალიზა თუ რა იშვიათ მიწათა ელემენტებს ფლობს უკრაინა და რატომ სურს დონალდ ტრამპს მათზე წვდომის მოპოვება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, უკრაინაში 20,000 მინერალური საბადოა, რაც მოიცავს 116 სახეობას. მინერალური საბადოებიდან 3055 (15%) აქტიური იყო 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 34 ნედლეულიდან 22 მიჩნეულია როგორც „კრიტიკული“ ევროკავშირის კრიტიკული მინერალების შესახებ აქტის მიხედვით.

ეს 2024 წლის კანონპროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირებას ისეთ კონკურენტებზე, როგორიცაა ჩინეთი. ეს კი იმისთვის, რომ ევროკავშირმა დამოუკიდებლად აწარმოოს ელექტრომობილები, მზის პანელები, მიკროჩიპები და სხვა სტრატეგიული ტექნოლოგიები.

უკრაინა ფლობს დაახლოებით 500,000 ტონა დაუმუშავებელ ლითიუმს, რაც აუცილებელია ელექტრომობილების მრავალჯერადი ბატარეების წარმოებისთვის. ეს უდრის ევროპის რეზერვების დაახლოებით მესამედს და მსოფლიო რეზერვების 3%-ს.

მთავარი ორი საბადო, „შევჩენკოს საბადო“ (დონეცკი) და „კრუტა ბალკა“ (ზაპოროჟია) ამჟამად ოკუპირებულ ან კონფლიქტურ ტერიტორიებზე მდებარეობს.

კიევის ეკონომიკის სკოლის მიხედვით, უკრაინაში ასევე არის ტიტანის გლობალური წარმოების 6%, რაც გამოიყენება კოსმოსურ, სამხედრო და სამედიცინო პროგრამებში. უკრაინა ასევე არის მსოფლიოში მე-5 გალიუმის მწარმოებელი ქვეყანა. გალიუმი აუცილებელია ნახევარგამტარების წარმოებისთვის.

უკრაინა ასევე მსოფლიოს ხუთ წამყვან ქვეყანას შორისაა გრაფიტის მარაგების თვალსაზრისით და მსოფლიოს ათეულში შედის ნახშირბადის, მანგანუმის, რკინის, ტიტანის და ურანის მარაგებით.

მიუხედავად იმისა, რომ იშვიათ მიწათა ელემენტების საბადოების რაოდენობა კონფიდენციალურია, გაერო-ს თანახმად, ისინი გლობალური რეზერვების 5%-ს შეადგენენ.

რამდენი იშვიათ მიწათა ელემენტია ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის რუსეთი აკონტროლებს უკრაინის მინერალური რესურსების 20%-ს.

უკრაინული ანალიტიკური ცენტრების ინფორმაციით, უკრაინული ლითონების დაახლოებით 40%-ი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეა. ლითიუმის, ტიტანისა და იშვიათ მიწათა ელემენტების უზარმაზარი საბადოები სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებშია, რომლებიც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიპყრო.

რატომ სურთ დემოკრატიულ ქვეყნებს ამ მინერალებზე წვდომა?

ნედლეულის გადამამუშავებელ ბაზარზე ჩინეთი დომინირებს, რაც სხვა ქვეყნებს მასზე დამოკიდებულს ხდის. ბოლო წლებში პეკინმა შეაჩერა ან შეზღუდა კრიტიკული ნედლეულის ექსპორტი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, რითაც დასავლეთი აიძულა მეტი ძალისხმევა გამოეჩინათ მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციისთვის, რადგან ასეთ მასალებზე მოთხოვნა იზრდება.

2021 წელს ევროკავშირმა და უკრაინამ დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა წიაღისეულის საკითხებში. ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში, სტეფან სეჟურნემ, ევროკავშირს მოუწოდა ეს პარტნიორობა სრულად განახორციელოს და ამბობს, რომ ეს უკრაინელებისთვის მომგებიანი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend