ლონდონში ევროპელი ლიდერების თავდაცვის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ლიდერები რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე. არ შეგვიძლია, მივიღოთ ისეთი სუსტი შეთანხმება, როგორიც იყო მინსკის, რომლის დარღვევაც რუსეთს მარტივად შეუძლია. ამის ნაცვლად, ნებისმიერი გარიგება ძალით უნდა იყოს გამყარებული. ამაში ყველა ერმა უნდა შეიტანოს წვლილი სხვადასხვა შესაძლებლობისა და მხარდაჭერის გზით, თუმცა ყველამ უნდა აიღოს მოქმედების პასუხისმგებლობა. ყველამ უნდა აიღოს საკუთარი წილი ტვირთი. ასე რომ, დღეს ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯზე შევთანხმდით:
პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო დახმარების მიწოდებას და გავაძლიერებთ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას უკრაინის გასაძლიერებლად.
მეორე – ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერმა გრძელვადიანმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენულობა და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
მესამე – სამშვიდობო შეთანხმების პირობებში ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი მომავალი შემოჭრა.
მეოთხე – ჩვენ გავაგრძელებთ მათი კოალიციის განვითარებას, ვისაც სურს, დაიცვას შეთანხმება და უზრუნველყოს მშვიდობა“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
კირ სტარმერმა თქვა ისიც, რომ დიდი ბრიტანეთი პირველ მარტს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინისთვის 2.2 მილიარდი ფუნტი გამოყოფის თაობაზე, კიდევ 1.6 მილიარდი ფუნტის დახმარებას გამოყოფს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების შესაძენად.
.
„ბოლო დღეების განმავლობაში გამართული დისკუსიებისას ჩვენ შევთანხმდით, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები უკრაინასთან ერთად ომის შეწყვეტის გეგმას შეიმუშავებენ. შემდეგ ამ გეგმას შეერთებულ შტატებთან განვიხილავთ და მუშაობას ერთად გავაგრძელებთ. დღევანდელი შეხვედრის მიზანი ჩვენი პარტნიორების გაერთიანება იყო ამ ძალისხმევის ირგვლივ უკრაინის გაძლიერებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად თითოეული ჩვენგანის სასიკეთოდ. ჩვენი ამოსავალი წერტილი ახლა უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერება უნდა იყოს, რათა მათ ძლიერი პოზიციიდან შეძლონ მოლაპარაკება. ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას. გუშინ საღამოს დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა 2,2 ფუნტის ოდენობის სესხს უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ეს თანხა არა ბრიტანელი გადასახადების გადამხდელებიდან მოდის, არამედ გაყინული რუსული აქტივებიდან. დღეს ვაცხადებ ახალ შეთანხმებას, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს გამოიყენოს 1,6 მილიარდი ფუნტის დაფინანსება 5000-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტის შესაძენად. ისინი ბელფასტში დამზადდება და ჩვენს ბრწყინვალე თავდაცვის სექტორში სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, უკრაინის გასაძლიერებლად და მშვიდობის დასაცავად, როდესაც მას მივაღწევთ“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას მხარი „სამხედროებით მიწაზე და თვითმფრინავებით ჰაერში“ დაუჭიროს. მან ასევე ისაუბრა პროცესებში ამერიკის შეერთებული შტატების როლზეც.
„ყველა ქვეყანამ შეიძლება ამაში წვლილი ვერ შეიტანოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ვისხდებით. სამაგიეროდ, ისინი, ვისაც ეს სურს, ახლა რეალურ გეგმებს დასახავენ. დიდი ბრიტანეთი სხვებთან ერთად მზადაა, ამას მხარი დაუჭიროს სამხედროებით მიწაზე და თვითმფრინავებით ჰაერში. დიდი წილი ძალისხმევა ევროპამ უნდა ჩადოს, მაგრამ ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის მხარდასაჭერად და ამ მცდელობის წარმატებისთვის აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერაა საჭირო. გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპთან ჩემი შეხვედრის შემდეგ ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა, ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტს გრძელვადიანი მშვიდობის გადაუდებელ აუცილებლობაზე, რომელსაც ახლა ერთად უნდა მივაღწიოთ. საბოლოოდ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ლიდერები ძალიან მალე კვლავ შეხვდებიან, რათა მოქმედების ტემპი შეინარჩუნონ და გააგრძელონ მუშაობა ამ საერთო გეგმის მისაღწევად. დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ. საუბრის დრო აღარ არის. მოქმედების დროა. დროა, ფეხზე დავდგეთ და ვიყოთ ლიდერები და გავერთიანდეთ გეგმის გარშემო, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ლონდონის სამიტს, რომელიც უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოება ეხებოდა, ევროპელ ლიდერებთან ერთად ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც ესწრებოდნენ.
Very positive heading into today’s meeting in London. Three key points:
1. Support Ukraine today. All in Europe will need to give more
2. We all want a peace deal, and it has to last. Europe is really stepping up here
3. To keep NATO strong, Europe will increase defence spending pic.twitter.com/ZMLu3ncXM2— Mark Rutte (@SecGenNATO) March 2, 2025
„კარგი შეხვედრა იყო. ვხედავთ, რომ ევროპული ქვეყნები ერთად დგამენ ნაბიჯებს, პირველ რიგში, იმაში დასარწმუნებლად, რომ დაკმაყოფილებული იყოს უკრაინის საჭიროება, რათა ქვეყანამ იბრძოლოს, ვიდრე ომის გაგრძელების აუცილებლობა იდგება. თავდაცვის ხარჯებს რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ განცხადებები ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მაქვს მიზეზი მჯეროდეს, რომ სხვა ქვეყნებიც გაიმეორებენ ამას. ევროპული ქვეყნები მოწადინებული არიან, დაეხმარონ უსაფრთხოების გარანტიებს, მანამ ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიიღწევა. ჯერ ასეთი არ არსებობს, მაგრამ ამ მომენტისთვის უნდა მოვემზადოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ქვეყნები ხელს შეუწყობენ უსაფრთხოების გარანტიებს“, – განაცხადა მარკ რუტემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი. ძირითადი საკითხი კი იყო „მშვიდობა ძალით“. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის, თუმცა ჩვენ გვჭირდება ხელშესახები გარანტია, რომლითაც უკრაინას ჩავაყენებთ ძლიერ პოზიციაში, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის გაძლიერება და დაცვა. ეს გულისხმობს ეკონომიკასაც, სამხედრო კომპონენტსაც. განხილვის მეორე საკითხი ევროპის გადაიარაღების საჭიროება იყო. 6 მარტს მე წარმოვადგენ ხელშესახებ გეგმას ამასთან დაკავშირებით.
Thank you @Keir_Starmer for hosting this important meeting.
Two key messages:
First, we need a lasting peace in Ukraine.
But it can only be achieved through strength ↓ pic.twitter.com/Psez2BHHCS
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 2, 2025
ახლა მნიშვნელოვანია თავდაცვაში გრძელვადიანი პერიოდით ინვესტირება. იმ გეოსტრატეგიულ გარემოში რომელშიც ვცხოვრობთ, უარესისთვის უნდა მოვემზადოთ. რაც შეეხება გზავნილს აშშ-ის მიმართ – მზად ვართ, ეს თქვენთან ერთად გავაკეთოთ. დავიცვათ დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ის პრინციპი, რომ არ შეიძლება შეიჭრა მეზობელ სახელმწიფოში და ძალით შეცვალო საზღვრები. ვფიქრობ, ჩვენი საერთო ინტერესია, რომ თავიდან ავირიდოთ მომავალი კონფლიქტები და სწორედ ამისათვის აქვს ამ წესებს მნიშვნელობა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.