გუდაურმა სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლა. 14 ქვეყნის 97 გამორჩეული სპორტსმენი საქართველოს ეწვია და გუდაურას საშეჯიბრო ტრასაზე სათხილამურო სპორტის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ დისციპლინაში მონაწილეობდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა ქართველმა მოთხილამურემ დავით თედიაშვილმა მიიღო, ბექა ბერძენიშვილმა კი შეჯიბრება გახსნა.
ფინალურ ეტაპზე ქალთა და კაცთა თანრიგში 32-32 სპორტსმენი გადავიდა. პირველი ფინალური დღე შვეიცარიელი ფანი სმიტისა და იტალიელი სიმონე დერომედისის გამარჯვებით დასრულდა. სიმონე დერომედისმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება 2023 წელს ბაკურიანში, ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო, ახლა კი გუდაურშიც მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება.
ფინალური შეჯიბრებების მეორე დღე არანაკლებ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. პირველ დღეს არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიუხედავად, კანადელმა რის ჰაუდენმა კაცებს შორის მეორე დღეს პირველი ადგილი დაიკავა, ქალთა შორის კი გამარჯვებული იტალიელი ჯოლე გალი გახდა.
„სიმართლე გითხრათ დღეს გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი იყო. ძალიან რთულია, შეჯიბრების დროს პირველი იყო, კიდევ უფრო რთულია ამ ლიდერობის შენარჩუნება. საბოლოოდ, შესანიშნავი შეჯიბრება გამოვიდა და გამარჯვების მოპოვებაც შევძელი“, – განაცხადა ჯოლე გალიმ შეჯიბრების შემდეგ.
„ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ამ სეზონში ბევრი კარგი და ბევრი ცუდი გამოსვლაც მქონდა. მიხარია, რომ აქ გამარჯვება შევძელი, ვიცოდი, რომ სიმონე დერომედისის წინააღმდეგ გამარჯვების მოსაპოვებლად ძალიან კარგად უნდა მეასპარეზა, რადგანაც ის შესანიშნავ ფორმაშია. დიდი მადლობა შეჯიბრების ორგანიზატორებსა და მოხალისეებს, ასევე მადლობას ვუხდი ჩემს თითოეულ გულშემატკივარსა და სპონსორს, მათ გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა”, – ამბობს რის ჰაუდენი.
გუდაურში მოპოვებული ქულების შედეგად საერთო რეიტინგში პირველ ადგილზე ლიდერობა შეინარჩუნა/მოიპოვა სიმონე დერომედისმა, ქალთა შორის კი პირველ ადგილზე ინდია რეშეტი გადავიდა.
გუდაურში სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი პირველად გაიმართა. აქამდე ამ პრესტიჟულ შეჯიბრებას ბაკურიანი მასპინძლობდა.
„ორი დღის განმავლობაში შესანიშნავი შეჯიბრებები ვიხილეთ. მთელმა საორგანიზაციო გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. საოცარი მხარდაჭერა მივიღეთ მოხალისეებისგან, რომლებმაც სიცივის მიუხედავად თავდადებით იმუშავეს. შეჯიბრებისთვის კი შესანიშნავი ამინდი გამოვიდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საშეჯიბრო ტრასა მშვენივრად იყო მომზადებული, გუდაური კი კარგ ამინდში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სამთო-სათხილამურო კურორტია. სკი-კროსისა და ზამთრის სპორტის წარმომადგენლებს აქ ყოფნა ძალიან გვიყვარს“, – აღნიშნა შეჯიბრების დირექტორმა კლაუს ვალდნერმა.
წელს გუდაური მსოფლიო თასის ეტაპს სნოუბორდ-კროსშიც უმასპინძლებს. სნოუბორდში შეჯიბრებები 8 და 9 მარტს გაიმართება.