ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა გააფართოვეს იმ ქართველი მაღალჩინოსნების სია, რომლებსაც ამ ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სანქციები ამოქმედდა დამატებით 74 თანამდებობის პირის წინააღმდეგ. დიპლომატიური უწყების შეფასებით, სანქცირებული პირები პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევებზე.
ლიეტუვის საგარეო უწყების ცნობით, სანქცირებულ პირთა შორის არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე პროკურორები და პოლიციელები, რომლებმაც ცრუ ჩვენება მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის დაკავებას.
„ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც უკვე ას დღეზე მეტია, აპროტესტებენ მმართველი პარტიის ქმედებებს. პარტიის, რომელიც უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ავრცელებს ესტონეთის საგარეო უწყებაც, რომლის ინფორმაციითაც, სხვა პირებთან ერთად სანქციები დაუწესდათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს – ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულსა და პარლამენტის ყოფილ დეპუტატ ბექა ოდიშარიას. ამავე სიაში არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში შესვლას უკრძალავს საქართველოს 55 მოქალაქეს – პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციის თანამდებობის პირებს, პარლამენტარებსა და სხვებს.
ამ სიაშიც არიან მზია ამაღლობელის საქმეში ფიგურანტი პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები, კერძოდ, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი, ასევე მოსამართლეები ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე.