სატელიტებს, როგორც დედამიწის დაკვირვების სისტემის ნაწილს, შეუძლიათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების მონიტორინგი და კონკრეტულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის პოტენციური საფრთხეების შეფასება.
ევროკავშირის კოსმოსური პროგრამა Copernicus დედამიწის დაკვირვებასა და გარემოსდაცვითი მონაცემების ანალიზზეა ორიენტირებული. თუმცა, ნაკლებად ცნობილია მისი ქვეგანყოფილება Copernicus Health Hub-ი რომელსაც ევროპის ამინდის პროგნოზის ცენტრი (ECMWF) მართავს და ასევე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთქმედებას სწავლობს.
გთავაზობთ კოსმოსური ტექნოლოგიების ხუთ გზას, რომელიც საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვაში ეხმარება.
ულტრაიისფერი (UV) სხივების მონიტორინგი:
ულტრაიისფერი (UV) სხივების გადაჭარბებული ზემოქმედება აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კანსა და თვალებს, და კანის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზიც არის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შექმნა UV ინდექსი – ეს გახლავთ საერთაშორისო სისტემა, რომელიც მზის გამოსხივების სიძლიერესა და მის პოტენციურ საფრთხეებს ზომავს.
Copernicus-ის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახური (CAMS) აკვირდება და პროგნოზირებს ამ ინდექსზე დაყრდნობით, ითვალისწინებს რა ოზონის შრის დონეს, ღრუბლიანობასა და ატმოსფეროში არსებული აეროზოლების ნაწილაკებს. UV გამოსხივების დონით ხუთი დღის წინასწარ პროგნოზირებაც კი შესაძლებელია.
ამინდის პროგნოზის ბევრი აპლიკაცია ამ მონაცემებს იყენებს, რაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, შეამოწმონ მათ რეგიონში გამოსხივების დონე და მიიღონ რეკომენდაციები – მაგალითად, საჭიროა თუ არა მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, თავის შეკავება მზიან ამინდში გასვლისგან.
დაბინძურებული ჰაერის შესახებ გაფრთხილება
ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი ჯანმრთელობის საფრთხეა. WHO-ის მონაცემებით, იგი ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს, აქედან 500,000 შემთხვევა ევროპაშია. დაბინძურებული ჰაერი ფილტვის კიბოს, გულის დაავადებებს, ინსულტსა და სუნთქვის პრობლემებს უკავშირდება.
სატელიტები ჰაერის ხარისხის პროგნოზირებაში გვეხმარება. ამ მონაცემების გამოყენებით, აპლიკაციები და ვებსაიტები, როგორიცაა BreezoMeter და Windy, რეალურ დროში აჩვენებენ სხვადასხვა რეგიონში ჰაერის დაბინძურების დონეს.
ალერგიის რისკები
CAMS ასევე აკვირდება ჰაერში მტვრის ნაწილაკებისა და პოლენის კონცენტრაციას, რაც ალერგიულ ადამიანებს ეხმარება საფრთხეების თავიდან არიდებაში. დაბინძურებული ჰაერი ალერგიულ რეაქციებს ამწვავებს და სუნთქვის პრობლემებს იწვევს.
ევროპაში პოლენური ალერგია მოსახლეობის 40%-ს აწუხებს და კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. CAMS იყენებს რიცხვობრივ მოდელირებასა და დაკვირვებით მონაცემებს, რათა აკონტროლოს პოლენის კონცენტრაცია დაახლოებით 10 კმ-იანი სიზუსტით და ოთხდღიანი პროგნოზი გააკეთოს.
ტროპიკული დაავადებების გავრცელების საფრთხე
კოღოები პლანეტაზე ყველაზე მეტი დაავადების გამავრცელებლები არიან და მათგან გამოწვეული საფრთხე ევროპაშიც იზრდება.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) მიხედვით, განსაკუთრებით საფრთხილოა სამი სახეობა: აზიური ვეფხვის კოღო, ყვითელი ცხელების კოღო და ჩვეულებრივი სახლის კოღო.
ტემპერატურისა და ნალექის ცვლილებები კოღოების მიგრაციაზე გავლენას ახდენს. Copernicus-ის სერვისი აგროვებს მონაცემებს გარემოს ცვლილებების შესახებ, რათა გამოავლინოს, ევროპის მასშტაბით, სად შეიძლება კოღოებმა ახალი საცხოვრებელი გარემო მოირგონ და რა დაავადებები შეიძლება თან გადაიტანონ.
ამჟამად, მათი პროგნოზები ვეფხვის კოღოს (Aedes albopictus) გავრცელების შესახებ, რომელიც დენგესა და ჩიკუნგუნიას ვირუსს ავრცელებს, 2085 წლამდეა გაწერილი.
საშიში სიცხის ტალღები
ექსტრემალურმა სიცხემ ადამიანის ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს. გაიზრდება გულის დაავადებების, გამოფიტვის, დეჰიდრატაციისა და სუნთქვის პრობლემების რისკი.
Copernicus-ის მონაცემებით, 2023 და 2024 წლების აგვისტოები დედამიწის ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. მაღალი ტემპერატურა სულ უფრო ხშირი ხდება, სიცხის ტალღები კი – უფრო ხანგრძლივი და ძლიერია.
ამ მონაცემების ანალიზით, მეცნიერებს შეუძლიათ შეისწავლონ, როგორ განვითარდება ეს პრობლემა მომავალში, ხოლო ურბანული დაგეგმარების ექსპერტებს შეუძლიათ ქალაქები კლიმატის ცვლილების გამოწვევებს მოარგონ.
ფლანდრიის ტექნოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა Copernicus-ის მონაცემების გამოყენებით შეისწავლა სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა სხვადასხვა ემისიის სცენარის მიხედვით. მათი აღმოჩენების საფუძველზე შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც ქალაქებსა და მთავრობებს ეხმარება 2031-2060 და 2071-2100 წლებში მოსალოდნელი სიცხის ინტენსივობის პროგნოზირებაში.