მთავარისაქართველო„როგორ ვამარცხებთ დიქტატურას? - წინააღმდეგობით“ - სალომე ზურაბიშვილი

„როგორ ვამარცხებთ დიქტატურას? – წინააღმდეგობით“ – სალომე ზურაბიშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პანელური დისკუსიის ფორმატში ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და რუსეთის გავლენებზე ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის, რაც საქართველოში ხდება „გაცილებით მეტია, ვიდრე ვიდრე ქართული პოლიტიკა და გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი პარტიის ოპოზიციაზე გამარჯვება”.

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ხედავს. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე და თქვა, რომ დიქტატურასთან ბრძოლის ერთადერთი სტრატეგია სწორედ წინააღმდეგობაა.

„არჩევნები, რომელიც ქოლცენტრების გამოყენებით, ადამიანების პირადი მონაცემების სიებითა და სხვა ტრადიციული მეთოდებით გაყალბდა, მივიღეთ მარიონეტი მთავრობა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველო ევროპულ გზას დააშოროს და რუსულზე დააბრუნოს. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან თუ ეს საქართველოში იმუშავებს და ამ მომენტისთვის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ, მაშინ ეს შეიძლება სხვაგანაც მოხდეს.

ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება. არ ეხება მხოლოდ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის 80% დიდი ხნის წინაც მხარს უჭერდა ევროპულ გზას. ეს ასევე შავს ზღვას უკავშირდება. უკავშირდება იმას, თუ ვინ გააკონტროლებს მას ხვალ. ამ ბოლო პერიოდამდე და უკრაინის ომამდე ნატოს გემები, ევროპელი პარტნიორების შემოდიოდნენ. ეს გაჩერდა“, – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას.

სალომე ზურაბიშვილი ასევე შეეხო ანაკლიის პორტის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირისთვის გამოწვევაა.

„რუსეთმა გამოაცხადა, რომ ახალ სამხედრო საზღვაო ბაზას ხსნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, რომელიც ერთ-ერთი დიდი პროექტია – არავინ იცის ჩინელები ეპატრონებიან თუ არა მას. ეს არის ის, რაც გვესმის, მაგრამ ჩინელების შემთხვევაში, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, კონტრაქტს ვერ ხედავ, მისი შინაარსი არ იცი და მას შემდეგ გაიგებ, რაც საქმე ბოლომდე მივა. ასე რომ, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა, გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი პარტიის ოპოზიციაზე გამარჯვება. ეს გამოწვევაა ევროკავშირისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე.

„თქვენი კითხვა ასეთია: „როგორ ვამარცხებთ დიქტატურას”, რადგან ამ მომენტისთვის სუსტი, მაგრამ მაინც დიქტატურა გვაქვს. პასუხია: წინააღმდეგობით და ვფიქრობ, ხალხს ეს აქვს გადაწყვეტილი. ვფიქრობ, ჩემი როლი პოლიტიკური პარტიების უფრო მეტად კონსოლიდაციაშია, მაგრამ არა მხოლოდ არსებულების, ვინაიდან ნათელია, რომ ქუჩის პროტესტი ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის პროცესშია.

მე არ ვარ პროტესტის ორგანიზატორი. მხარდამჭერი ვარ, მაგრამ რაც მესმის ამ ხალხისგან არის ის, რომ გადაწყვეტილი აქვთ ქუჩაში დარჩენა, ზოგიერთს ციხეში დარჩენაც კი, თუ საჭირო იქნება. არავის გამოუგონია სტრატეგია დიქტატურის დასამარცხებლად, გარდა წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, გარე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მორალურად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend