გაზრდილი ფასები რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, არაერთი გავლენიანი ორგანიზაციის კვლევა მოწმობს.
ბოლო ასეთი კვლევა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა. სამ მწვავე პრობლემას შორის გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 46.5 პროცენტი, მაღალ ფასებს ასახელებს, შემდეგ კი უმუშევრობასა და ემიგრაციას.
სურსათი და სხვა პროდუქცია საქართველოში რომ ყოველწლიურად ძვირდება ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მკვეთრად ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე გაიზარდა – 13 პროცენტით. 11.5 პროცენტით მოიმატა ყავის, ჩაისა და კაკაოს ფასმა. თითქმის 11 პროცენტით გაძვირდა ზეთი და ცხიმი, შაქარი და სხვა ტკბილეული კი 4 პროცენტით. სურსათის ფასები იანვარში წინა თვესთან შედარებითაც გაზრდილია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იანვარში წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ ჯგუფებზე: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.8 პროცენტით, ჯანმრთელობის დაცვა 3.8, განათლება კი 5.1 პროცენტით.