13 თებერვალს ევროპარლამენტი „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“ რეზოლუციას უყრის კენჭს.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს,დაუწესოს პერსონალური სანქციები საქართველოს იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკური ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების სამართლებრივ დევნაზე
მათ შორის არიან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ,,ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.
გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გაზარდეს იმ ადამიანების სია, ვისთვისაც სანქციების დაწესებას ითხოვენ… და მოიცავს ,,ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და მათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“. ევროპარლამენტარების თანახმად არასრულ სიაში შედიან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ბიზნესმენები – ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე; საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი; ტელეკომპანია „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი ირაკლი რუხაძე და სხვა ბიზნესმენები, პოლიტიკოსები თუ მოსამართლეები, რომლებიც ევროპარლამენტარების თანახმად, ხელს უწყობენ საქართველოში რეპრესიული რეჟიმის დამყარებას.
ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი განცხადება გვხვდება სოციალური-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტში, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს განიხილავს, როგორც ,,ქართული ოცნების“ უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოს, და მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ ქართული ოცნების ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და 2024 წლის 14 დეკემბერს დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია.
წარდგენილ რეზოლუციებში ვრცლად არის საუბარი მედიაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებსა და პროპაგანდის როლზე არსებული პოლიტიკური ვითარების გაუარესების პროცესში.
სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს გაავრცელოს სანქციები არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე და პოლიტიკურად მოტივირებულ მოსამართლეებზე, არამედ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხისმგებელ მედიასაშუალებებზე. კერძოდ, საუბარია ტელეკომპანია იმედის, პოსტვ-ის და რუსთავი 2-ის მფლობელებზე, მათი როლისთვის ,,ქართული ოცნების“ ავტორიტარული მმართველობის შენარჩუნებაში.
რეზოლუციებში საუბარია ქართლი ოცნების მიერ მედიის შესახებ ახალი კანონის დამტკიცების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზეც. ვკითხულობთ, რომ ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.
ამასთან ერთად, ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის სახელით წარდგენილ პროექტში წერია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია სისტემური შევიწროების და დაშინების პირობებში მუშაობს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანიები ფორმულა, მთავარი და ტვ პირველი მძიმე ფინანსური შეზღუდვების წინაშე დგანან; მედიის ათობით წარმომადგენელი კი არის სხვადასხვა სახის ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი.
ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის კონტექსტში, ს საუბარია გამოცემების ,,ბათუმელების“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებაც, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს.
ვკითხულობთ, რომ უკანანო დაკავების პირობებში შიმშილის გამო მის ჯანმრთელობას კრიტიკული, შეუქცევადი საფრთხეები ემუქრება და რეზოლუციის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირს ოფიციალურად მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
მმართველი პარტიის გამოხმაურება კრიტიკულია.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციის დოკუმენტი ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ გადაგებული მაშველი რგოლი იქნება და გამოიყენება მათი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად.
,,ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ სანქციების არავის ეშინია და როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება, მათ ვერანაირი სანქცია ვერ შეაჩერებს. მან რიგ ევროპარლამენტარებზე საუბრისას თქვა, რომ ისინი დამარცხდნენ, რადგან ქვეყნის უმრავლესობამ უარი უთხრა კორუმპირებულ ევროპულ ბიუროკრატიას.
რეზოლუციას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც. მან დოკუმენტი მორიგ არასერიოზულ პროექტად შეაფასა.
,,დღემდე, 5 რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და ხუთივე იყო ერთმანეთზე არასერიოზული და ეს არის მორიგი, მეექვსე არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, ამ პროექტს, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს, აქვს აბსოლუტურად არაფრის ფასი, ჩალის ფასი ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ საქართველოში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად, ოპოზიცია არის თავისი არსით ანტი-დემოკრატიული, თუმცა ხედავთ, რომ რეზოლუციებში აისახება ხოლმე მხარდაჭერა რადიკალიზმის მიმართ და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს ასე მკაფიოდ აკრიტიკებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი, თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დოკუმენტებს ევროპარლამენტი 13 თებერვალს უყრის კენჭს.