ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებას, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს განცხადება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და შესაბამისი დაკვირვების შედეგად გაკეთდა.
სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნა და საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, არანაირი აზრი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას არ ექნება, რომელიც მისივე თქმით, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოქტომბერში გამოაცხადა.
“მნიშვნელოვან განცხადებას გამოვეხმაურები, რომელიც გუშინ, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის სამდივნომ გააკეთა. სპეციალური მისია მოავლინა საქართველოში, რომელსაც უნდა შეესწავლა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და დასკვნა, რომელიც დადო ამ უწყებამ, (რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი შესაბამისი ევროპული [ინსტიტუტებისთვის])… თუ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნა და საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, არანაირი აზრი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას არ ექნება, რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოქტომბერში გამოაცხადა. მინდა საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს არის უკიდურესად არაორდინალური განცხადება, ამ ორგანიზაციისგან იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად არის და თითქმის არ ხდება, რომ მოწოდება კეთდება, რომ არჩევნები გადაიდოს, თუ შესაბამისი პოლიტიკური გარღვევა არჩევნებამდე არ მოხდება.
ახლა არის გადასაწყვეტი ბიძინა ივანიშვილისგან – რას აკეთებს ის. ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას და საერთაშორისო წნეხს, ნიშნავს, სასწრაფოდ იწყებს მუშაობას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე, თუ ბოლომდე აპირებს, რომ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში ყველა შესაბამისი შედეგით, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუცია იტყვის მიმდინარე კვირას – სანქციების რეჟიმის გამკაცრება და შემდგომი ზეწოლა რეჟიმზე”, – აცხადებს სამადაშვილი.
ალეკო გვეტაძე