მთავარისაქართველოევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს კრიტიკულ შეფასებას თბილისიდან ეხმაურებიან

ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს კრიტიკულ შეფასებას თბილისიდან ეხმაურებიან

ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური კონტროლისგან არ არის დამოუკიდებელი სამართალდამცავი უწყებები, სასამართლო სისტემა და ყველა საჯარო დაწესებულება. არ ხდება მომიტინგეთა სამოქალაქო უფლებების დაცვა და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებს უდიდესი ზიანი ადგება. ამაზეა საუბარი განცხადებაში, რომელიც ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურომ გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ შესაბამისი კვლევისა და დაკვირვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს. არსებული კრიზისის დასაძლევად კი, ძალაუფლების მქონე „ქართულ ოცნებას“ პოზიციის შეცვლისა და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„მათ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლო სისტემისა და ყველა საჯარო დაწესებულების დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყონ. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საჯარო მოხელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური მიზეზების გამო. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს. ასევე თავიანთი დემოკრატიული უფლებების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების გამოყენების საშუალება ყველას უნდა მიეცეს.

ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათ შორის ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, როგორიც მზია ამაღლობელია, რომლის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს.

კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად სცეს პატივი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას, ასევე უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნები და სამართლიანად მოეპყროს ყველა ქართველს, მათ შორის ადგილობრივ არჩეულ წარმომადგენლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს შეფასებასა და მოწოდებას ბრიუსელიდან კიდევ ერთ უსამართლო განცხადებას უწოდებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

„საინტერესოა, თავიანთ ქვეყნებში ადამიანებმა სახეში რომ ულაწუნონ პოლიციელებს, პირდაპირ მაშხალები ესროლონ, ცოცხლად დაწვის მცდელობები რომ ჰქონდეთ პოლიციელებისა, მაშინ რა რეაქცია ექნებათ?! ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შემთხვევაში ვინმე სხვამ, თუნდაც, ქართველმა რომელიმე პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთოს, რომ ჩვენ არ ვცნობთ არჩევნებს იმიტომ, რომ და იმიტომის მერე რატომ არ ცნობენ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა განცხადებებს გააკეთებენ და როგორი იქნება მათი დამოკიდებულება?! შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველს მოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, ურჩევნიათ ამ ადამიანებს, რომ გაჩუმდნენ მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხის პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადების პათოსს სრულად იზიარებს ოპოზიცია. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ თუ ახალი არჩევნები ეუთო/ოდირის შესაბამისი რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით ჩატარდება, ეს არსებული კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა იქნება.

„მნიშვნელოვან განცხადებას გამოვეხმაურები, რომელიც გუშინ, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის სამდივნომ გააკეთა. სპეციალური მისია მოავლინა საქართველოში, რომელსაც უნდა შეესწავლა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და დასკვნა, რომელიც დადო ამ უწყებამ, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი შესაბამისი ევროპული [ინსტიტუტებისთვის].

თუ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნა და საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, არანაირი აზრი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას არ ექნება, რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოქტომბერში გამოაცხადა. მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს არის უკიდურესად არაორდინალური განცხადება ამ ორგანიზაციისგან იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად არის და თითქმის არ ხდება, რომ მოუწოდებენ არჩევნების გადადებას, თუ შესაბამისი პოლიტიკური გარღვევა არჩევნებამდე არ მოხდება.

ახლა არის გადასაწყვეტი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან – რას აკეთებს ის. ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას და საერთაშორისო წნეხს, ნიშნავს, სასწრაფოდ იწყებს მუშაობას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე, თუ ბოლომდე აპირებს, რომ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში ყველა შესაბამისი შედეგით, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუცია იტყვის მიმდინარე კვირას – სანქციების რეჟიმის გამკაცრება და შემდგომი ზეწოლა რეჟიმზე“, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიუროს სჯერა დემოკრატიული ევროპული მომავლის, რომელიც ყველა ქართველის ინტერესებში შედის. უკვე ცნობილია, რომ 2025 წლის 25-27 მარტს გაიმართება კონგრესის მომდევნო სესია, სადაც საქართველოს შესახებ დებატები შედგება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend