აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს ტარიფების დაწესებით არაერთხელ დაემუქრა.
ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის სპიკერმა, ოლოფ გილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ბრიუსელისა და ვაშინგტონის სტრატეგიულ პარტნიორობას.
მისივე თქმით, ტარიფების დაწესების შემთხვევაში ევროკავშირი გადადგამს ყველა აუცილებელ ნაბიჯს საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად.
ევროკავშირის მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს დაიწყოს სავაჭრო ომი, თუმცა მათი აზრით, დაუსაბუთებელი ტარიფები თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპს უხეშად არღვევს.
“ვეწინააღმდეგებით თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის პროცესში დაუსაბუთებელ ბარიერებს და სრულად ვრჩებით თანაბარი პირობების ერთგული. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ აუცილებელ ზომებს, რათა დავიცვათ ჩვენი ეკონომიკური ინტერესები, ევროპელი ბიზნესმენები, მუშები და მომხმარებლები უსამართლო ტარიფებისგან. მხარს ვუჭერთ ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება გამჭვირვალობაზე, სამართლიანობასა და საერთო ეკონომიკურ ზრდაზე. და ბოლოს, ჩვენ ვაგრძელებთ კონსტრუქციულ დიალოგს შეერთებულ შტატებთან და ყველა სხვა სავაჭრო პარტნიორთან. ყოველთვის მზად ვიქნებით, ჩავერთოთ მნიშვნელოვან დისკუსიებში, რათა მოვძებნოთ სამართლიანი გამოსავალი, რომელიც პატივს სცემს ჩვენს პარტნიორობასა და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს. ახლა თანამშრომლობის დროა და არა დაპირისპირებისა“, – ამბობს ოლოფ გილი, ევროკომისიის პრესსპიკერი.
დონალდ ტრამპი ნატოსა და ევროკავშირის წევრებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტარიფების დაწესებით იმუქრება.