ქუთაისში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მოსამართლის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ 9 პირი – ნინო ქათამაძე, გელა მთივლიშვილი, მაია ცირამუა, ვლადიმერ აფხაზავა, ხვიჩა ვაშაყმაძე, ირინა ზარანდია, ქეთევან ფილაური, ეკა კუხალაშვილი და გივი ცინცაძე სამართალდამრღვევებად ცნო და თითოეული მათგანი ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა.
.
მათ 26 იანვარს მოსამართლის სახლთან სოლიდარობის სიმბოლური აქტით გააპროტესტეს „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, პატიმრობა. როგორც ისინი ამბობენ, მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქცია იყო პასუხი 25 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მოსამართლემ განუხილველად დატოვა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.