მთავარისაქართველოქართული ჯარი და დასავლური განათლება

ქართული ჯარი და დასავლური განათლება

საქართველოს თავდაცვის ძალების უამრავ ოფიცერსა და სერჟანტს უმაღლესი სამხედრო თუ სხვადასხვა პროფესიული განათლება უცხოეთში,  ძირითადად ნატოს წევრ ქვეყნებში, მათ შორის  ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმ  სასწავლო კურსების შესახებ, რომელთა გავლის შესაძლებლობაც ჰქონდათ სამხედრო მოსამსახურეებს. თუმცა უცნობია, ამჟამად რომელი კურსია ხელმისაწვდომი. ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები ამბობენ, რომ უცხოეთში განათლებამიღებულმა არაერთმა სამხედრო მოსამსახურემ უწყება უკვე დატოვა. ისინი  საზღვარგარეთ არიან ემიგრაციაში. თადარიგის მთავარ სერჟანტს თორნიკე თვარაძეს 18-წლიანი სამხედრო გამოცდილება აქვს. მან უამრავი კურსი გაიარა ნატოს წევრ ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ასეულობით ოფიცერი და სერჟანტია, რომელთაც არამარტო ოპერატიულ, არამედ სტრატეგიულ დონეზე მიიღეს განათლება და ამაში უამრავი თანხა დაიხარჯა როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, ისე  ჩვენი ბიუჯეტიდან. თუმცა ამ პირადი შემადგენლობის, ალბათ, 90% დღეს აღარ მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში. დღეს ეს პირადი შემადგენლობა გადახვეწილია სხვადასხვა ქვეყანაში. საწყენია ეს ძალიან. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ დავკარგეთ ისინი.  ალბათ, რთული იქნება ამ პირადი შემადგენლობის უკან მიღება, რთული იქნება ასევე ამ იზოლაციაში  მათთვის განათლების მიცემა იმ შემართებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავდაცვის შენების დროს იყო“, – ამბობს მთავარი სერჟანტი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას.

ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული სამხედრო განათლების მიღება შეეძლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში – მიდიოდნენ „ვესტ-პოინტის“ სამხედრო აკადემიაში, ან ესწრებოდნენ საზღვაო ქვეითთა მოსამზადებელ კურსებს და ასე შემდეგ. ის ოფიცრები, რომლებმაც განათლება ამ უმაღლეს სასწავლებლებში მიიღეს და ახლა აღარ მსახურობენ საქართველოს თავდაცვის ძალებში, ამბობენ, რომ დასავლეთში მიღებული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია საჯარისო შენაერთებისთვის და, შესაბამისად, დასავლეთთან კავშირის გაწყვეტა ამ კუთხით დიდი დანაკლისი იქნება.

„ძალიან რთული იქნება, მოკლედ აღწერო, თუ რამდენად დიდ განათლებასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს ადამიანს. თუნდაც, როგორ ასწავლიან სამხედრო ლიდერობას. როგორ აღიქვამს დასავლეთი ოფიცრის როლს, სამხედრო მოსამსახურის როლს საზოგადოებაში. უმნიშვნელოვანესია, რომ ურთიერთობები დასავლეთთან გაღრმავდეს და უფრო საფუძვლიანი გახდეს“, – აცხადებს აშშ-ის „ვესტ-პოინტის“ სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ლევან ლანჩავა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ თანამედროვე და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სამხედრო განათლების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ითვალისწინებს. ასევე  საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების უზრუნველსაყოფად განათლებული სპეციალისტების კორპუსს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. დასავლური საგანმანათლებლო პროგრამების გარეშე თავდაცვის ძალების ეფექტიანობა რომ შემცირდება, ამაზე სხვა ყოფილი ჯარისკაცებიც საუბრობენ. მათი ნაწილი ახლა უკრაინაშია და რუსეთის აგრესიას უკრაინელი სამხედროების მხარდამხარ ებრძვის. მათ შორისაა  აშშ-ის „ვესტ-პოინტის“ სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული, უსაფრთხოების ოფიცერი გიორგი ჯანჯალია.

„დღეს, როდესაც ჩვენ ვრჩებით მარტოები მტრის წინაშე,  არ გვაქვს იმის რესურსი, რომ მოვემზადოთ მომავალი შეტაკებებისათვის.  აქედან გამომდინარე, ალბათ,  სისულელეა იმაზე ფიქრიც,  რომ თუ ჩვენ გავჩერდებით და არაფერს  გავაკეთებთ,  მტერი არ შეეცდება ჩვენი ტერიტორიების დაკავებას და ჩვენი რესურსების მითვისებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა დასავლეთთან“, – ამბობს უსაფრთხოების ოფიცერი გიორგი ჯანჯალია.

გასულ წელს აშშ-მა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები – „ღირსეული პარტნიორი“, რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო. ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება  შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ ცრუ ბრალდებებმა განაპირობა. უცხოეთში განათლებამიღებული ყოფილი სამხედროები ამბობენ, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგესთან მეგობრების გარეშე დარჩენა დაუშვებელია. თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტთა შეფასებით, დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობამ ქართული არმია მნიშვნელოვნად გააძლიერა. ახლა კი საინტერესოა, რამდენად შესაძლებელი იქნება ნატოსა და აშშ-ის უშუალო მონაწილეობით ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება…

ავტორი: გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend