თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.
პროცესების ნაწილი უკვე დასრულებულია და გამოტანილია განაჩენიც. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. სხდომაზე მან მოსამართლე ნინო ენუქიძის აცილება მოითხოვა, რადგან, მისი განმარტებით, ის სანქცირებულია და „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილებების 100%-იანი სტატისტიკა აქვს. ამის მიუხედავად მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„შსს 27 დეკემბერს, 20:17-ზე მედავებოდა გზის გადაკეტვას. საქმის მასალებში 27 დეკემბრის, 20:38 საათი ჰქონდათ მიწოდებული. ამ დროს „მაკდონალდსში“ ვიყავი, სანაპიროზე და მაქვს ამის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი. არ ვაპირებ გაჩერებას, თუ საჭირო იქნება, სტრასბურგამდეც ჩავალ“, – თქვა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ კი ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნენსი ვოლანდი ცნო სამართალდამრღვევად და მას 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა. კერძოდ კი, 26 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას მაშინ, როცა „ამის საჭიროება არ იყო“.
10 თებერვალს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას, მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაც მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 12 თებერვალს გამოაცხადებს.
„ცალსახაა ერთი რამე, ხელისუფლებას ფიზიკურ ტერორთან ერთად ფინანსური ტერორი აქვს დაწყებული. ეს საქმეები ფინანსური ტერორია ადამიანების წინააღმდეგ“, – ასე შეაფასა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მიმდინარე სასამართლო პროცესები.