სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა ექიმებმა მზია ამაღლობელი 7 თებერვალს პირველად მოინახულეს. კლინიკიდან გამოსულმა მედიკოსებმა თქვეს, რომ მოშიმშილე ჟურნალისტი თავს სუსტად გრძნობს და უჭირს გადაადგილება.
მედიკოსების განმარტებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ყველა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა უტარდება, ის იღებს ექიმების მიერ დანიშნულ პრეპარატებს და ემორჩილება მედიკოსების მითითებებს.
„მდგომარეობა არ არის მარტივი, დასაფიქრებელია. დოკუმენტაციას გავეცანი და კიდევ უფრო მძიმედ იყო საავადმყოფოში გადმოყვანამდე. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა. დღესდღეობით ძალიან მძიმე მდგომარეობა. რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში მიდის ისეთი ცვლილებები, რომ გარედან მოხმარება აღარ იქნება საკმარისი. ადამიანი არ არის ისეთი მარტივი მექანიზმი, რომ რაღაც დააკლდეს, შეავსოს და მერე ამან იმუშაოს. შეიძლება პროცესები ისე განვითარდეს, რომ ვეღარ გამოვასწოროთ“, – განაცხადა გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ.
კონსილიუმის წევრების განმარტებით, მათი რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელი დარჩეს სამედიცინო დაწესებულებაში. მათი თქმით, მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილი არაა, ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ.
„მე და ჩემს კოლეგებს მიგვაჩნია, რომ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე თუ პაციენტი აგრძელებს შიმშილობას, უნდა დარჩეს კლინიკაში და აქ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ცვლილებები“, – თქვა გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ.
„ლაპარაკობს მშვიდად, წყნარად. ძალიან დიდი ხანი ველაპარაკებოდით და ბოლოსკენ დაიღალა. თვითონ თქვა, რომ იყო უარესად და ახლა უკეთესად არის. პალატაში ვცდილობ სიარულს და დავდივარო. საპატიმრო დაწესებულებაში ამას უფრო ვაქცევდი ყურადღებასო“, – თქვა ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ.
ავტორიტეტიანი გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“, დამფუძნებელი 27-ე დღეა, შიმშილობს. 6 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა და მზია ამაღლობელისთვის 4 მედიკოსისგან კონსილიუმი მოიწვია. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ჯგუფი დაკომპლექტდა მზია ამაღლობელის უფლებადამცველების მიერ შეთავაზებული ექიმებისგან ჟურნალისტის ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით.
როგორც ომბუდსმენი, ისე კონსილიუმის წევრები აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და „აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ“.