ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მათ თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინების ტაქტიკასა და ძალადობას მიმართა. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსსა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას.
„მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო დევნის სამიზნე გახდნენ. დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც აზრს თავისუფლად გამოხატავს. ამჟამად მოშიმშილე მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კაია კალასი და მარტა კოსი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაღრმავებისგან. მათი თქმით, ნდობისა და დიალოგის აღსადგენად, არც ერთი ვერსია არ უნდა გამოირიცხოს, ხოლო ბოლო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა იყოს გათვალისწინებული.