„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“ – მზია ამაღლობელის ეს სიტყვები იყო 7 თებერვლის აქციის მთავარი სათქმელი. აქცია კვლავ მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო გაიმართა, კოლეგები ისევ მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით.
„ექიმი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა საგანგაშოა. ჩემთვის ეს განგაშის სიგნალი დიდი ხანია ჩართულია და მგონია, რომ ამ შენობაში მყოფებისთვისაც ასევე უნდა იყოს“, – განაცხადა გამოცემა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე. ის მზია ამაღლობელის საქმეზე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვს.
პროტესტში მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებლის სისხლის სამართლის წესით დაპატიმრება და დაკავებისას მის მიმართ არასათანადო მოპყრობა თავისუფალი მედიის შეზღუდვისა და დაშინების მცდელობაა.