მთავარისაქართველო„ამხილე კორუფცია, გაასაჯაროვე დეკლარაციები“ - პროტესტი ანტიკორუფციულ ბიუროსთან

„ამხილე კორუფცია, გაასაჯაროვე დეკლარაციები“ – პროტესტი ანტიკორუფციულ ბიუროსთან

„ამხილე კორუფცია, გაასაჯაროვე დეკლარაციები“ – ამ ლოზუნგით ანტიკორუფციულ ბიუროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

საინიციატივო ჯგუფ „დამკვირვებლების“ წევრებმა უწყების ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადადგომა და მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების გასაჯაროება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო ქონებრივ დეკლარაციებს მალავს, რაც მათი შეფასებით, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე პირდაპირი დარტყმაა. დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ასევე განაცხადეს, რომ უწყება საზოგადოების სხვადასხვა წრესა და მედიაში გავრცელებულ კორუფციულ შემთხვევებზე დუმს.

„ამ უწყების ფუნქცია კორუფციული საქმეების გამოძიებაა და ის ამ ფუნქციას არ ასრულებს. ჩვენ აქ მოვიტანეთ უამრავი საქმე, სადაც სახელმწიფო თანამდებობისა და მათთან დაახლოებული პირების მიერ კორუფციულ შესყიდვებში მონაწილეობა ჩანს. მიმართვის მიუხედავად, ეს საქმეები ამ უწყებას არ გამოუძიებია“ – განაცხადა საინიციატივო ჯგუფ „დამკვირვებლების“ წევრმა, ტატო ქელბაქიანმა.

პროტესტი მონაწილეთა შეფასებით, უწყება ცდილობს დამალოს კორუფციული სქემები, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულები.

საინიციატივო ჯგუფის წევრთა პროტესტს ანტიკორუფციული ბიუროდან არავინ გამოხმაურებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend