სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ მილოშ ვუჩევიჩის თანამდებობიდან გადადგომამ შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან ახალი მთავრობის ფორმირება გამოიწვიოს.
ვუჩევიჩის გადადგომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტი ვუჩიჩი არ დაეთანხმა ოპოზიციის მოთხოვნას დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ. მისი თქმით, ამით სერბეთის სტაბილურობა შეირყევა.
„სერბეთი შეინარჩუნებს სტაბილურობასა და მშვიდობას. უახლოეს ათ დღეში გადავწყვეტთ, ახალი არჩევნები დაინიშნება თუ ახალ მთავრობას შევქმნით“, – ამბობს ალექსანდარ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი.
მილოშ ვუჩევიჩმა თანამდებობა სამშაბათს, 28 იანვარს დატოვა, რათა შეემსუბუქებინა პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც რამდენიმეკვირიანი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციებით იყო გამოწვეული.
აქციები მოჰყვა ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის შენობის ჩამონგრევას, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.