62-ე დღეა აქციები არ წყდება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში. მოთხოვნები კი უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ როგორც 2024-ი წლის გაზაფხულის, ისე ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას დაკავებული პირები.
საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებიდან მალევე, საკანონმდებლო ორგანოს წინ ათასობით გაბრაზებული მოქალაქე გამოვიდა.
რუსთაველის გამზირი უკვე 2 თვეა პროტესტის ეპიცენტრია.
„საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, სასწავლებლად ვიყავი წასული ერთი წელი. როდესაც ეს ამბები დაიწყო ნოემბერში საშინელი ერთი თვე გადავიტანე დეკემბრის. ბოლოს ვეღარ გავჩერდი და გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი. როდესაც ჩამოვედი 43 დღე იყო. როდესაც ეს ამბები პირველად დაიწყო, ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა იმდენი ხანი გაგრძელებულიყო ეს აქციები, რომ 43-ე დღეს ჩამოვსულიყავი და შევერთებოდი მას. ეს ყველაფერი იმიტომ გაგრძელდება და იმიტომ გავიმარჯვებთ, რომ… აქ ჩვენი პროტესტი იმდენად გულწრფელი და მართალი არის, არ არსებობს, რომ სხვანაირად დასრულდეს. როდესაც სამართალი ხალხის მხარეს არის, აუცილებლად იმარჯვებს ხალხი“, – ამბობს ანაკო ტურაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციების 62 დღეს რუსთაველის გამზირზე გავიდა.
უწყვეტ პროტესტს შეუერთდა ნანა წიქვაძეც, რომელიც აქციებზე სიარულს მანამდე აპირებს, ვიდრე მისი და დემონსტრანტების მოთხოვნები არ შესრულდება.
„ამ ორი თვის შედეგებზე, რომ ვისაუბრო… ეგრეთწოდებულ მთავრობას არ აღიარებს მისი მოსახლეობა, ასევე არ აქვს საერთაშორისო საზოგადოების აღიარება და ახლა ვართ გამძლეობის ომში. ვინ გაუძლებს ამ კრიზისულ და რთულ პერიოდს და ვინ გამოვა გამარჯვებული. მე აქ იმიტომ ვდგავარ, რომ სხვაგვარად არ ძალმიძს. რომ წარმოვიდგენ, რომ შეიძლება რუსთაველი არ გადაიკეტოს… ეს ამდენი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი ციხეში… ვერ წარმომიდგენია, რომ სხვაგან ვიდგე და არ შემიძლია მორალურად სხვა შედეგისთვის მოვემზადო. ამიტომ ვარ დღეს აქ და ვიქნები ყოველთვის. ბოლომდე!“ – ამბობს ნანა წიქვაძე.
მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მოჰყვა დაპირისპირება და შეტაკებები მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და ფიზიკურ ძალა.
თუმცა ფიზიკური დაპირისპირების გარდა უწყვეტი საპროტესტო აქციები გამორჩეული იყო პროტესტის გამოხატვის განსხვავებული გზებით.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში კი თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ტიპის მარშების ტალღა დაიწყო. საპროტესტო მარშები გამართეს სხვადასხვა პროფესიის, უნივერსიტეტების და რეგიონების წარმომადგენლებმა, საერთო ინტერესის მქონე მოქალაქეებმა და სხვადასხვა უბნების მაცხოვრებელმა. მარშები თემატიკას მორგებული ბანერებითა, ლოზუნგებითა და პერფორმანსებით იყო გამორჩეული.
პროევროპული აქციების ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა თბილისის ქუჩებში ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ხელჩაჭიდებული ხალხი, მდინარე მტკვრის გასწვრივ ხიდებსა და ქუჩებზე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე იდგა.
გამორჩეული იყო ახალი წლის ღამე. დემონსტრანტები ახალ 2025 წელსაც რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ. „ჯადოსნურ საპროტესტო ღამეს“ აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძის სუფრა გაშალეს.
ასევე იყო მასშტაბური გაფიცვა, რომელსაც 3 000-ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმე თუ ბიზნესი შეუერთდა.
2 თვის შემდეგ პროევროპულმა პროტესტმა თითქმის ყველა სფერო მოიცვა. დაკავებულია ათობით პირი, რომლებსაც მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა დაკავებული არ არის არც ერთი ის პოლიციელი თუ შავებში ჩაცმული პირი, რომლებმაც გასული ორი თვის განმავლობაში მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე იძალადეს. საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის დიდი ნაწილი ქუჩაში უწყვეტად უცვლელი მოთხოვნებით გამოდის – გათავისუფლდნენ დემონსტრაციებისას დაკავებული პირები, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და საქართველოს დასავლურ გზას დაუბრუნდეს.
თორნიკე კოპლატაძე