„დიდის დაცემა“ – ასე ჰქვია სერიალს, რომელიც შონ კომბსის, იგივე P. Diddy-ის ამბავს ჰყვება. ეს არის ისტორია მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურაზე, რომელიც დიდი სკანდალის შემდეგ საპატიმროშია და სასამართლოს ელის.
სერიალის შესახებ ASSOCIATED PRESS-სთან საუბრობს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მარა კამპო, რომელიც სერიების შემდგომ ინტერვიუებს უძღვება.
„დოკუმენტურ სერიალს „დიდის დაცემა“ ჰქვია. ეს იმის ქრონოლოგიაა, თუ როგორ გახდა გლობალური საკულტო ფიგურა, მილიარდერი, წარმატებული ბიზნეს მაგნატი – პატიმარი, რომელიც სასამართლოს ელოდება. სერიალი ამ ყველაფერს მიჰყვება.
მას თან ახლავს ექსკლუზიური ინტერვიუ დიდის ყოფილ თანაშემწესთან. ის ამაზე პირველად საუბრობს და გვთავაზობს ნამდვილად უნიკალურ ხედვას დიდის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ბოლო წლების განმავლობაში.
ჩვენ გვესმის სხვადასხვაგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგალითად ე. წ. ფრიკ ოფებზე და წვეულებებზე. მას შეუძლია გვითხრას, თუ ზუსტად რა ხდებოდა. ის პასუხისმგებელი იყო დიდის ყოველდღიურობის დაგეგმვაზე. ამგვარად, მან ყველაფერი ნახა.
ჩემთვის საინტერესო ისაა, რომ დიდი ერთადერთია, ვისაც ბრალი ედება. ამგვარად, სამართლებრივი პერსპექტივიდან ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერი სხვა, ვინც ამ ამბავში შეიძლება ყოფილიყო ჩართული, მთავრობასთან თანამშრომლობს. ვფიქრობ, სასამართლოზე ბევრ რამეს გავიგებთ.“
კრიმინალობასა და იმას შორის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამორალურ ქცევად, დიდი განსხვავებაა. კრიმინალური ასპექტი ჯერ გარკვეული არ არის. ის სასამართლო პროცესზე წარდგება, ნაფიცი მსაჯულების წინ. იქნება ვერდიქტი და ეს მისი მემკვიდრეობის ნაწილი გახდება. ვფიქრობ, მორალური თვალსაზრისით, იმიჯის თვალსაზრისით, მან უკვე გამოუსწორებელი ზიანი განიცადა. ჩვენ იმდენი გავიგეთ მასზე ძალიან ბევრი ადამიანისგან, რომ განურჩევლად იმისა, კრიმინალია თუ არა, ხალხი მას იმავე თვალით ვეღარასდროს შეხედავს“, – ამბობს მარა კამპო.