“ორი თვეა ხალხი ქუჩაში გამოდის დემოკრატიული, ევროპული მომავლის მოთხოვნით, ამ სამწუხარო სიტუაციიდან გამოსავალი ქართველმა ხალხმა უნდა გამონახოს”, – ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მიმდინარე კონფერენციის წინ.
კონფერენციის მთავარი განსახილველი საკითხი პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობაა. კონფერენცია ევროპულ-ქართულ ინსტიტუტისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ორგანიზებით იმართება, რომლის მხარდამჭერი პოლონეთის საელჩოა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა და ველოდებით საქართველოს, რომ შეერთებოდა სხვა კანდიდატ ქვეყნებს და უზრუნველეყო, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ბევრი ნეგატიური რამ მოხდა საქართველოში. თუ გადახედავთ ბოლო რამდენიმე თვეს, სიტუაცია ცუდიდან უარესობისკენ არის. ამას ვამბობ, როგორც ევროკავშირის ელჩი, როცა საქმე ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ. ასე რომ, ქართველების გადასაწყვეტია, როგორ გამოვიდნენ ამ ღრმა სოციალური და პოლიტიკური კრიზისიდან. რა რეკომენდაციაც შეიძლება გავცე, არის დიალოგი. ხელისუფლებამ, რომელსაც დამატებითი პასუხისმგებლობები აქვს ამ სიტუაციიდან გამოსავლის გამონახვის კუთხით, ხალხთან საუბარი უნდა დაიწყოს, არ უგულებელყოს ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დგანან და მოითხოვენ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკი.
კონფერენციაზე იმსჯელეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და თქვეს, ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნა საქართველოზეა დამოკიდებული.
„მოგეხსენებათ, რომ პოლონეთი პირველი იანვრიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ჩვენ ვამაყობთ ევროკავშირის წევრობითა და იმით, რომ ამ ექვსი თვის განმავლობაში თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით. დღევანდელი კონფერენცია სწორედ ამას უკავშირდება. უკავშირდება ჩვენს ამბიციებს, პრიორიტეტებსა და იმას, თუ როგორ ეხება ეს საქართველოს. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლონეთი ძალიან მეგობრულადაა განწყობილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართაც. ჩვენ გვსურს ხაზგასმით ვთქვათ, რომ ეს ექვსი თვე, პოლონეთის თავმჯდომარეობა და მომდევნო წლები ძალიან კარგი დროა გაფართოებისა და ევროკავშირისკენ წარმატებით სვლისთვის. ისე, როგორ ჩვენ გავაკეთეთ 20 წლის წინ. საქართველოს და მის ხელისუფლებას ახლა, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტობისას, შესანიშნავი მომენტი აქვთ იმისთვის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები განაახლონ. პრეზიდენტობას გარკვეული ინსტრუმენტები აქვს გაფართოების პოლიტიკის თვალსაზრისითაც. მაგალითად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაფართოების მთავარ სამუშაო ჯგუფს და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დიდი ამბიციები გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ეს ამ მიმართულებით ერთ-ერთი რეკორდული ექვსი თვე იქნება ბოლო წლებში. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა და როგორც მოგეხსენებათ ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამას აჩვენებს ისიც, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. ამგვარად, გზა ნათელია და პოლონეთის თავმჯდომარეობა გაფართოებისადმი ძალიან მეგობრულადაა განწყობილი და ამას მხარს უჭერს”, – განაცხადა საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალმა.