ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარკვეულ ნაწილებში მოსახლეობას ქარიშხალ “ჰერმინიას” გამო ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ.
ესპანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია, სტიქიის შედეგები ყველაზე მეტად გალისიის რეგიონში იგრძნობა.
ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო საგანგებო სამსახურში 1200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა ამინდთან დაკავშირებული სხვადასხვა შემთხვევის გამო. 13 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
საფრანგეთის რვა რეგიონში განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული, ილი და ვილენის რაიონში კი უკვე წითელი დონე მოქმედებს.
წყალდიდობის გამო ილი და ვილენის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, წყლის დონე კვლავ იზრდება.
ამავდროულად, დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, დევონსა და კორნუოლში განგაშის ყვითელი დონეა გამოცხადებული. 1000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.