წარსულთან შეხების ტკივილი არც 80 წლის შემდეგ განელებიათ. ნაცისტებსა და გაზის კამერებს გადარჩენილების ნაწილი დღეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მივიდა. შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად, ისინი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგებენ პატივს.
ის, რაც ნაცისტური გერმანიის პატიმრებმა საკონცენტრაციო ბანაკებში გამოიარეს, ახლა ისტორიის ბნელი ფურცლებია, რომელიც კაცობრიობამ აღარასოდეს უნდა გაიმეოროს.
“დარწმუნებული ვიყავი,რომ მოვკვდებოდი. ახლაც მიკვირს როგორ გადავრჩი. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სიკვდილს პირისპირ შევეჯახე. მანამდე მეგონა, რომ მხოლოდ უფროსები კვდებოდნენ და მე წინ ბევრი დრო მქონდა”, – იხსენებს ბარბარა დონეცკა Euronews-სთან.
საკონცენტრაციო ბანაკში მყოფები ბოლომდე დარწმუნებულები იყვნენ, რომ საბოლოოს გაზის კამერაში მოხვდებოდნენ. 6 მილიონი ებრაელისგან განსხვავებით, მათ ნაწილს გაუმართლა.
“საკონცენტრაციო ბანაკის ჭიშკარი რეალურად სიკვდილის კარიბჭე იყო. თუ იქ შეაბიჯებდი,იცოდი,რომ ეს სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. მე მხოლოდ წვეთი ვარ ოკეანეში. 13 წლის ვიყავი,როდესაც “ესესმა” ჩემი, დედაჩემისა და ჩემი უმცროსი ძმის სახელები ამოიძახა. ჩათვალეს, რომ შრომისათვის ვარგისი ვიყავი და სამუშაოდ გამგზავნეს, ჩემმა უმცროსმა ძმამ კი გადარჩევა ვერ გაიარა. ის მოკლეს. მხოლოდ 9 წლის იყო”, – ამბობს მანფრედ გოლდბერგი.
ნაფტაი ფურსტი კი ჰყვება, რომ სიკვდილს დღეებით გადაურჩა.
“ჯოჯოხეთი იყო. 6 წლის ვიყავი,როდესაც ჰოლოკოსტი დაიწყო. 9 დან 12 წლამდე ოთხ სხვადასხვა ბანაკში მოვხვდი. ვერავინ იჯერებდა იმას, რაც ხდებოდა. როდესაც მატარებლიდან ბირკენაუს ბანაკში მივედით, კრემატორიუმის საკვამურებიდან კვამლი ამოდიოდა. იქ 2-3- დღით ადრე რომ მივსულიყავი, ალბათ მეც და ჩემი ძმაც იგივე ბედს გავიზიარებდით. შანსი არ გვქონდა, უბრალოდ 1 თუ 2 ნოემბერს ჰიმლერმა ბრძანება გასცა, გაზის კამერებში ოპერაციები დაესრულებინათ “, – იხსენებს ნაფტაი ფურსტი.
ჰოლოკოსტის ხსენების დღეს მსოფლიო ანტისემიტიზმის მზარდი ტენდენციებით ხვდება. “ანტი-დიფამაციური ლიგის” მონაცემებით,ბოლო ათი წლის განმავლობაში ანტისემიტური განწყობების მქონე პირთა რიცხვი გაორმაგდა, განსაკუთრებით კი 35 წლამდე ასაკის ადამიანებში.
2025 წლის მონაცემებით მათი რიცხვი 2 მილიარდს ითვლის.ბოლო ტენდენციებში დიდი როლი ითამაშა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ და ამის საპასუხოდ ღაზაში წამოწყებულმა სამხედრო ოპერაციამ.
არსებობს კიდევ ერთი ფაქტორიც, კერძოდ კი სოციალური მედია.
“საფრთხე შექმნა სოციალურმა მედიამ, რომელიც მოკლე განცხადებებით შემოიფარგლება და საკითხს ღრმა ანალიზის გარეშე ტოვებს. საქმე იმაშია, რომ როდესაც სიძულვილის გამოხატვისას ადამიანებს არავინ აჩერებს, ისინი ძლიერდებიან და ამას აგრძელებენ. ამჟამად ჩვენ ვართ თავდასხმის ქვეშ ბევრი ჯგუფის მხრიდან. მაგალითად “ჰამასის” მეგობრების მხრიდან, ასევე ექსტრემისტი მემარცხენეების მხრიდან, ე.წ. ანტიფაშისტების მხრიდან, ისლამისტების მხრიდან, ულტრა მემარჯვენეების მხრიდან. იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ერთმანეთსაც კი ეწინააღმდეგებიან. ისინი ერთიანები არიან ანტისემიტიზმში. ესაა რეალობა, რომელმაც რთულ წერტილს მიაღწია”, – ხსნის ზიგმუნდ კიონგსბერგი, კომისარი ანტისემიტიზმის _საკითხებში.
გერმანიის ნაცისტურმა წარსულმა, ანტისემიტიზმის მიმართ თანამედროვე ბერლინის მკაცრი პოლიტიკა განაპირობა. აქ დანაშაულის წვრილმან გამოვლინებასაც სიფრთხილით ეკიდებიან და ამის შეცვლას არ გეგმავენ. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო არენაზე გამოჩნდნენ პირები, რომლებიც გერმანიას მიდგომების შემსუბუქებისკენ მოუწოდებენ. ასეთია ილონ მასკიც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან.
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 კვირით ადრე მილიარდერმა გერმანიის ულტრა-მემარჯვენე პარტიის შეკრებას მიმართა და თქვა, რომ გერმანია წარსულ დანაშაულს ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს და დროა წინაპრებს თავი დაანებონ. ასე არ ფიქრობს ოლაფ შოლცი,რომელმაც მანამდე განაცხადა,რომ მიუღებელია ანტისემიტიზმის ნორმალიზების ნებისმიერი მცდელობა.
“საგანგაშოა ანტისემიტიზმის ნორმალიზება. მე წინააღმდეგი ვარ გადავშალოთ ეს გვერდი მხოლოდ იმის გამო, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ჩვენ ვინახავთ ამ ადამიანების მეხსიერებას, ეს მილიონობით ადამიანის ისტორიაა, ისეთი ადამიანების, როგორიც მე და თქვენ ვართ. ეს არის ასევე ცნობიერება, რომელიც ჩვენ უნდა გადავცეთ თაობებს – ეს პასუხისმგებლობა არ უნდა დასრულდეს. უდავოა,რომ ანტისემიტიზმის მიმართ ტოლერანტულები ვერ ვიქნებით”, – განმარტა ოსვენციმ-ბირკენაუს ბანაკის გათავისუფლებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე გერმანიის კანცლერმა.
ნაცისტურ რეჟიმს მილიონობით მსხვერპლი ჰყავდა, თუმცა განსაკუთრებული სისასტიკით ისინი ებრაელების მიმართ გამოირჩეოდნენ. ოფიციალური ცნობებით მეოცე საუკუნეში 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე სწორედ ნაციზმმა იმსხვერპლა.
ჰოლოკოსტის დასრულებიდან 80 წლის აღსანიშნავად ევროპაში ვერ ჩავიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი,ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, ჰააგის სასამართლოს მისი დაკავების ორდერი აქვს გაცემული. პოლონეთიც და ნიდერლანდებიც ნეთანიაჰუს ჰპირდებოდნენ, რომ მას არავინ დააკავებდა, თუმცა პრემიერმა არ გარისკა.