ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგის ნაწილია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც.
შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ხელმძღვანელობს. საქართველოს საკითხთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
„დღეს განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. რა თქმა უნდა, უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე ახლა შეჩერებული გვაქვს. ასევე, მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით მათი მისიის მხარდასაჭერად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია, რომ ეს საკითხი მოაგვარონ“, – განაცხადა კაია კალასმა შეხვედრის დაწყებამდე.
„რაც შეეხება საქართველოს, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია და ერთი-ერთი, რაც ესტონეთმაც შესთავაზა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყებაა. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხვალ გავაუქმებთ, მაგრამ საჭიროა დავიწყოთ ეს პროცესი, რათა ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი გავაგზავნოთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს მარტავს, საკუთარ ხალხს ატყუებს.
არ გვჯერა იმის, რასაც საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება. ჩვენ მოწმე ვართ, თუ რა ხდება რეალურად. იმედი მაქვს, გამოვნახავთ გზას, რათა საქართველოსთან დაკავშირებით მეტი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ევროკავშირმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ეს არის სავიზო რეჟიმის არსებითი ცვლილება ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ისინი დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრებას ვერ შეძლებენ. ასე რომ, ეს ძალიან მიზნობრივი ქმედებაა. როგორც ისინი თავადაც ამბობენ და ევროკავშირიც აღნიშნავს, ევროკავშირის დახმარება არ იქნება მიმართული მთავრობასთან დაკავშირებულ ქმედებებსა და უწყებებთან. სამწუხაროდ, დღეს ისინი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ. ამას ვხედავთ ევროპული მომავლისა და თბილისში მიმდინარე დემონსტრაციების თვალსაზრისით. ლატვიამ გარკვეული რაოდენობის თანამდებობის პირებს, ვინც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობაშია ჩართული და ვინც ჟურნალისტებს ესხმის თავს, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. და ასე მოიქცნენ, სხვა ევროპული ქვეყნებიც. ამგვარად, ზეწოლა არსებობს, მაგრამ ამასთან, თუ ხალხის ნებას პატივს სცემენ, ევროპული მომავლისთვის კარი ცალსახად ღიაა“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ნიდერლანდები ყოველთვის მხარს უჭერს პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებზეა პასუხისმგებელი. ამ მომენტისთვის გადასადგამი ნაბიჯი ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია.
ჟურნალისტებთან და ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით ძალიან შეშფოთებული ვარ, ამიტომ ნიდერლანდებმა ხელმისაწვდომი გახადა დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად. ჩვენ ასევე ხელმისაწვდომი გავხადეთ დამატებითი რესურსები მათთვის, ვინც თავისუფალი დემონსტრაციის რეპრესიებისას დააკავეს. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც საქართველოს ევროპული გზის განვითარებისთვის მუშაობს და კრიტიკულები ვართ ჩატარებული არჩევნების მიმართ, მათ შორის,ოდირის ანგარიშის ფონზე“, – აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კასპარ ველდკამპმა.

