მთავარისაქართველოთბილისში საჯარო მოხელეების მხარდამჭერი აქციები გაიმართა

თბილისში საჯარო მოხელეების მხარდამჭერი აქციები გაიმართა

„მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“, – ამ ლოზუნგით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები, ყოფილი საჯარო მოხელეები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ საჯარო მოხელეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ის, რასაც ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვს – ახალი არჩევნები და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.

მერიასთან შეკრებილების თქმით, სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის თბილისის მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის მიზანი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების გათავისუფლება და იმ ადამიანების საჯარო სექტორიდან განდევნაა, ვინც საქართველოს ევროპულ კურსს უერთგულა.

„ჩვენ გვყავს ათასობით ღირსეული საჯარო მოხელე, რომ იდგა და დგას ამ პროტესტის ავანგარდში. ჩვენ ვხედავთ, როგორი სამარცხვინო ფორმით იძიეს შური მათ ნაწილზე. სამწუხაროდ, თბილისის მერია აქაც გამორჩეული იყო.

კალაძის მხრიდან ვნახეთ პირდაპირი მუქარა, რომ ის დააანონსებდა რეორგანიზაციას და ამ ადამიანებს სამსახურიდან გაათავისუფლებდა. ეს რეორგანიზაცია დაწყებულია და დაწყებულია კანონის სრული დარღვევით“, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, საბა ბუაძემ.

საჯარო მოხელეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა იუსტიციის სახლთანაც. აქციაზე იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი, ასევე, 21 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად გაუქმებული პარლამენტის კვლევის ცენტრის ყოფილი თანამშრომლები შეიკრიბნენ.

თბილისის მერი ამბობს, რომ მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება მათ პოლიტიკურ შეხედულებებს არ უკავშირდება და რომ ეს მხოლოდ რეორგანიზაციის ნაწილია.

„რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და გათავისუფლდება კიდევ ბევრი ადამიანი, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს.

როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულება უმთავრდება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გაუგრძელო მას ხელშეკრულება, გჭირდება – არ გჭირდება, ან ასრულებს თუ არა დავალებას და სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2024 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და რაც ასობით საჯარო მოხელე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას გაემიჯნა, „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები„საჯარო სამსახურის შესახებ კანონში”. ახალი რეგულაციები ძალაში 2024 წლის 30 დეკემბერს შევიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend