ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა საზოგადოებას საპროტესტო მანიფესტი წარუდგინა.
„ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, რომ „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში, მივლენ ყველგან და ყველას დაელაპარაკებიან.
მისივე თქმით, დღემდე ეცადნენ, დიალოგი გამოენახათ პროკურატურასთან, თუმცა როგორც აღნიშნა, პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია. დავით დოიაშვილმა ხელისუფლების მიმართ ულტიმატუმი 12 იანვარს გააჟღერა.
შემოქმედებითი ჯგუფი ითხოვდა დემონსტრაციებზე დაკავებული, მათივე თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა აქტივისტების გათავისუფლებას. ითქვა, რომ თუ დაკავებულები 20 იანვრამდე საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ახალი თეატრი „პასიური პროტესტიდან“ მოქმედებაზე გადავიდოდა.
„აქვე, ვიწყებ დაანონსებას – „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში – ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ! იცით, რომ უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს, მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში. მაშინ, მკითხავთ, რატომ ვაკეთებ ამას – იმიტომ, რომ ამ დროს მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები – ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების“, – განაცხადა „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა.
საპროტესტო მანიფესტის მიმდინარეობისას თეატრთან შეკრებილ მოქალაქეებს მსახიობებმა სცენიდან მიმართეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები. მათ მოქალაქეებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის წერილიც წაუკითხეს.
„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული. ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ, ჩემი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის – გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში“, – წერს წერილში მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც მოქალაქეებს მსახიობმა, გივიკო ბარათაშვილმა წაუკითხა.
„2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ანუ ევროინტეგრაცია შეჩერებულია, – ასე დაიწყო! დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანდრო ჭიჭინაძეზე, როდესაც ვამბობთ, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ანდროს, ეს ეხება ახალგაზრდას და უფროსს, რომელიც დღეს არის პატიმარი. ანდრო ჭიჭინაძე არის სახე იმ ხალხის, იმ ახალგაზრდების, იმ უფროსების, რომლებიც სისტემის ტყვეები არიან“, – განაცხადა მსახიობმა, ნინო კასრაძემ.
მოგვიანებით კი მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს, სადაც აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
„მანიფესტის სახით ვთქვით თითოეული ჩვენგანის სათქმელი და ვეცადეთ, ჩვენ ხმა მიგვეწვდინა ხალხისთვის – როგორი ხალხი ვდგავართ აქეთ, როგორ გულწრფელად გვინდა, უკეთესი ქვეყანა გვქონდეს, რომ ეს უკანონოდ დაკავებული ადამიანები მართლა როგორი კარგი ადამიანები არიან და სწორედ ამის მანიფესტი იყო, რომ გამოფხიზლდით, ხალხო, ერთად უნდა ვიდგეთ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს“, – განაცხადა მსახიობმა, დაჩი ბაბუნაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 500-მდე პირი დააკავა, სისხლის სამართლის წესით კი – 44.
ანა ალელიშვილი