მთავარიევროპაბელარუსი26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

საარჩევნო ბიულეტენზე მოქალაქეებს უკვე 31 წელია უცვლელი სახელი ხვდებათ – „ალექსანდრ ლუკაშენკა“. მას წელს ფორმალურ კონკურენციას 4 პოლიტიკოსი გაუწევს,თუმცა ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამო ციხეში ექსტრემიზმის ბრალდებით ხვდებიან, ცოტა თუ გაბედავს მოქმედ პრეზიდენტთან რეალურ ოპონირებას.

ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც როგორც კანდიდატების, ისე არჩევნების ლეგიტიმაცია უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„მე ვიყენებ ტერმინს „სპეციალური საარჩევნო ოპერაცია“,ეს კარგად ასახავს იმ სიტუაციას, რაც ბელარუსშია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ტარდება იმგვარი ელექტორალური პროცესი, რომელსაც პრაქტიკულად არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან.

ალექსანდრ ლუკაშენკას მიერ აქამდე ჩატარებული არჩევნებიც შორს იყო დემოკრატიული სტანდარტებისგან, თუმცა ამჯერად მან საკუთარ თავს გადააჭარბა. ამ არჩევნებს არ ეყოლება ალტერნატიული აზრის მქონე მხარე, მათ შორის დამკვირვებლები. აღარაფერს ვიტყვი კომისიის წევრებზე. მათი სია წელს არც გამოუქვეყნებიათ. ნათელია, რომ ისინი ჩვეულებისამებრ ხელისუფლებასთან აფილირებულები არიან. წელს საზღვარგარეთ ერთი უბანიც კი არ იმუშავებს. ეს იმიტომ,რომ წარსულში არჩევნების საზღვარგარეთ გაყალბება რთული აღმოჩნდა. ზოგადად, წინა წლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაზე ოპოზიციურად იყო განწყობილი ლუკაშენკას მიმართ. არსებობს ბელარუსული ნოუ ჰაუ, ხმის მიცემა შეგეძლება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში დაბრუნდები, იქ კი არ იცი რა გელის. საპრეზიდენტო კანდიდატებად კი ჩვენ გვყავს ერთი მთავარი გმირი და ოთხი სპოილერი. მაგალითად : ერთ-ერთი მათგანი გამოდის ლოზუნგით „არა პრეზიდენტის წინააღმდეგ, არამედ მასთან ერთად“. ეს ფარსი, ცირკი და აბსურდია”, – უყვება Euronews Georgia-ს უფლებადამცველი, ანდრეი სტრიჟაკი. მის მიერ დაფუძნებული სოლიდარობის ფონდი, BYSOL-ი ბელარუსის ხელისუფლების მიერ რეპრესირებულებს ქვეყნის დატოვებაში ეხმარება.

საპრეზიდენტო კანდიდატების ნაწილი ბელარუსში მართლაც არ მალავს, რომ ამ პროცესში ფორმალური როლი ეგრო.

მაგალითად, დეპუტატ ოლეგ გაიდუკოვიჩს, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან, ბელარუსში ლუკაშენკას ნდობით აღჭურვილ პირად იცნობენ.

ანნა კანაპაცკაია კი დამოუკიდებელი კანდიდატია, თავს ოპოზიციონერად განიხილავს, თუმცა რეპრესიებთან დაკავშირებით სიტყვაძუნწია. კიდევ ერთი კანდიდატი, რესპუბლიკელი ალექსანდრ ხიჟნიაკია, „შრომისა და სამართლიანობის“ პარტიიდან – ეს მისი პირველი არჩევნებია.

კანდიდატთა სიაშია ასევე სერგეი სირანკოვიც, რომელიც კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს და ამომრჩეველს სტალინის ძეგლების აღდგენას ჰპირდება. სწორედ მას ეკუთვნის ლოზუნგი -„არა პრეზიდენტის წინააღმდეგ, არამედ მასთან ერთად“.

„ყველა ეს კანდიდატი პირდაპირ ამბობს,რომ არსებულ სისტემას და ლუკაშენკას ემხრობიან. აი მაგალითად ოლეგ გაიდუკევიჩი, ყოფილი მილიციელი, ის ყოველ არჩევნებში მონაწილეობს და ამომრჩეველს ლუკაშენკას რეჟიმთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას სთავაზობს, იღებს ხმებს და შემდეგ მიდის. ის არაა ნამდვილი ოპოზიციონერი. ერთადერთი საინტერესო ფიგურა, ანა კანაპაცკაიაა, ყოფილი დეპუტატი, ის პრო-სახელისუფლებო კანდიდატებთან ერთად აგროვებდა ხელმოწერებს და ხელს არავინ უშლიდა. ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ იმისათვის,რომ მის გამოსვლებში ხალხმა მიიღოს მონაწილეობა, რათა გამოჩნდეს: „ ნახეთ,ოპოზიციონერი გვყავს“.

ქვეყანაში, სადაც დაკავების შიშით მოქალაქეები ფინჯან ჩაიზე ვერ საუბრობენ, მიტინგზე ვერ გადიან და ცარიელ ფურცელს ხელში ვერ იჭერენ, გასაგებია,რომ ეს ლუკაშენკას გარეშე ვერ მოხდებოდა. ამ კანდიდატებს პოლიტიკოსებად არ განიხილავენ. რეალურ ოპოზიციონერებს კი არაფერი შეუძლიათ, რადგან ციხეში სხედან”, – ამბობს Euronews Georgia-სთან საუბარში, ჟურნალისტი იაროსლავ სტეშუკი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ქვეყანაში ბოლოს 2020 წელს იმყოფებოდა. 2020 წლის შემდეგ ბელარუსი ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მაშინ ლუკაშენკამ თავი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოაცხადა და მისივე მტკიცებით, პრეზიდენტობის მე-6 ვადაშიც ხმათა 80%-ი მოპოვება შეძლო. ასე არ ფიქრობდა ასობით ათასი ბელარუსი, რომელთათვისაც გამარჯვებული – პოლიტპატიმარი, სერჰეი ციხანოვსკის ცოლი, სვეტლანა ციხანოვსკაია იყო.

მასშტაბურ აქციებს ალექსანდრ ლუკაშენკამ და მისმა ძალოვნებმა სასტიკი ძალადობა დაუპირისპირა მინსკისა და დიდი ქალაქების ქუჩებში. დაიწყო მასშტაბური რეპრესიები განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

ასე გრძელდება უკვე 5 წელია. 2020 წლის ტრამვა ლუკაშენკას დღემდე აწუხებს, სანქცირებულ პრეზიდენტს ქვეყნის გარეთაც ხშირად აკრიტიკებენ საპატიმროში მყოფი პოლიტპატიმრების გამო.

ამ მხრივ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ლუკაშენკას დასავლეთთან თამაშის მცდელობაც ჰქონდა და ივლისის შემდეგ 250 პატიმარი ციხიდან გაათავისუფლა. მათ შორის არ ყოფილა მსხვილი კალიბრის ოპოზიციონერები და მეტწილად ამნისტია შეეხოთ მათ,ვისაც საპატიმრო ვადა ისედაც ეწურებოდა.

საზღვრებს გარეთ მყოფი ოპოზიციონერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას მეუღლე სხვა ოპოზიციონერებთან ერთად ბელარუსის ციხეში ისევ სასჯელს იხდის. თავად სვეტლანა ციხანოვსკაია დასავლური სამყაროს მხარდაჭერა აქვს, ის ამჟამად დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება, მომდევნო კვირას კი მას ბრიუსელში ელიან.

ქვეყნიდან დევნილი ოპოზიციონერი არ ცნობს 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და მოსახლეობას მოუწოდებს ან არ მივიდნენ არჩევნებზე, ან ბიულეტენზე ყველა კანდიდატი გადახაზონ. დასავლეთს კი სთხოვს, პუტინთან მოლაპარაკებებზე რუსული ჯარის გაყვანა არა მხოლოდ უკრაინიდან,ბელარუსიდანაც მოითხოვონ.

მათ შორის საუბარია ბირთვულ იარაღზეც, რომლისათვისაც ინფრასტრუქტურა მოკავშირე მინსკმა და მოსკოვმა უკვე შექმნეს. ევროპარლამენტმა უკვე მოუწოდა ბრიუსელს, არ აღიაროს ბელარუსის არჩევნების შედეგები, რადგან ამ პირობებში თავისუფალ და სამართლიან პროცესზე საუბარი ვერ იქნება.

პუტინის მთავარი მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკა დიდი ხანია ევროკავშირის სანქცირებულთა სიის სათავეშია, მათ შორის უკრაინაზე თავდასხმაში თანამონაწილეობის გამო.

თუმცა როგორც ჩანს ევროპარლამენტში ჩათვალეს,რომ არსებობენ ქვეყნები, რომელსაც ამის შეხსენება სჭირდებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend