„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ეუთოს ვენის მექანიზმის ფარგლებში წერილობითი ინფორმაცია წარადგინა.
ეუთოს 38 წევრი სახელმწიფოს მიერ საქართველოსთან მიმართებით ვენის მექანიზმის გააქტიურების შესახებ ცნობილი 2024 წლის 20 დეკემბერს გახდა. მექანიზმი მონაწილე ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დასვან კითხვები ეუთოს სხვა სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარების თაობაზე.
მექანიზმის ფარგლებში საქართველოსთვის დასმული შეკითხვები ძირითადად შეეხება იმას, თუ რამდენად ეფექტიანად ტარდება აქციებთან დაკავშირებული უფლებების დარღვევების გამოძიება და რა ნაბიჯები გადაიდგა ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით წარუდგინა საიამ ინფორმაცია ეუთოს ვენის მექანიზმს.
„შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დღემდე არ ჩანს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის აქტების ეფექტიანი გამოძიების ნიშნები და არც პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება როგორც 2024 წლის აპრილი-მაისის, ასევე, 28 ნოემბრის შემდგომ პროტესტებთან დაკავშირებით. მიუხედავად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვალდებულებებისა, გამოეძიებინა ეს ინციდენტები, შედეგები საზოგადოებისთვის უხილავი რჩება, მაშინ, როდესაც ძალადობა განგრძობადია.
2025 წლის 17 იანვრის მონაცემებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო ქმედებებმა მოიცვა 343 პირის, მათ შორის 49 ჟურნალისტის გამოკითხვა. თუმცა, მტკიცებულებები მიუთითებს პროტესტის დროს ჟურნალისტური საქმიანობის უფრო ფართომასშტაბიან ხელყოფაზე: ასეთი უკანასკნელი აქციების კონტექსტში 90-ზე მეტი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტების უმეტესობა კრიტიკული და ციფრულ მედია პლატფორმები იყვნენ, რაც მიუთითებს განსხვავებული აზრის ჩახშობის განზრახვაზე.
საგანგაშოა ის, რომ მხოლოდ 52 მოქალაქეს აქვს დაზარალებულის სტატუსი, რაც საგრძნობლად ჩამორჩება რეალურ რაოდენობას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ 28 ნოემბრიდან თითქმის ორი თვე გავიდა. დაზარალებულის სტატუსი კი მნიშვნელოვანი პროცედურული წინაპირობაა გამოძიების ეფექტიანობისთვის“, – აღნიშნულია საიას განცხადებაში.
როგორც საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს, 23 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორგანიზაცია მოითხოვს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებასაც. ეს მექანიზმი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უფლებების დარღვევის დამოუკიდებელ საერთაშორისო მოკვლევას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, საიამ ეუთოს იმ მოქმედებების სია მიაწოდა, რომლებიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა შეასრულოს.
„კერძოდ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა:
საჯაროდ გაამჟღავნოს გამოძიების პროგრესი, მათ შორის გამოკითხულთა დეტალები, განხილული მტკიცებულებები და გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები.
უზრუნველყოს საჯარო ხელმისაწვდომობა იმ მასალებზე, რომლებიც ეფუძნება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდას და შეამცირებს მიკერძოების აღქმას.
უზრუნველყოს ყველა მსხვერპლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მიიღოს პროაქტიული ზომები დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მხარდაჭერისთვის.
მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების მოთხოვნით.
შეისწავლოს მაღალი რანგის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა და ქმედებები, მათ შორის, იმ პირების, რომლებსაც ევალებათ სამართალდამცავი ოპერაციების დაგეგმვა და ზედამხედველობა.
ჩაატაროს გამოკითხვები ყველა იმ პირთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშვალდებულება ყველა დონეზე.
შეადგინოს ყოვლისმომცველი ანგარიში აქციის დაშლის კონტროლის ოპერაციების შესახებ, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი დრო, დაგეგმვა, განხორციელება და ძალის გამოყენება.
შეაფასოს, იყო თუ არა წინასწარი გაფრთხილებები აქციის დარბევამდე, მათი ადეკვატურობა.
დროულად დანიშნოს და ჯეროვნად განახორციელოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესი ყველა დაზარალებულ პირთან მიმართებით“, – წერია საიას განცხადებაში.