მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის შემდეგ, კანცელარიაში პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართა, სადაც მან მედიის კითხვებს უპასუხა.
ირაკლი კობახიძემ რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის ე.წ. „დიფ სთეითის“ გააქტიურებას ევროპის სახელმწიფოებში. პრემიერის შეფასებით, ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენა განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში აქვს.
„იმ პირობებში როდესაც ე.წ. “დიფ სთეითზე“ არის წნეხი აშშ-ში, ეს კიდევ უფრო გააქტიურებულია ევროპაში, განსაკუთრებით კი ამას გავლენა აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ეს აისახება ესტონეთზეც. ჩვენ ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით. ასეთი განცხადებები არის მიუღებელი და ცალსახად ანტიქართული განცხადებაა, რომელიც ქართველი ხალხის ნების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან, გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც ჩამოყალიბებულია ქართველ და ესტონელ ხალხს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მედიის კითხვაზე – რა მოლოდინი აქვს „ქართულ ოცნებას“ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ მისი გუნდის მიზანია, აშშ-საქართველოს ურთიერთობა „სუფთა ფურცლიდან დაიწყოს“.
„დაინტერესებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ აშშ-თან ურთიერთობა და ეს კონკრეტული გზამკვლევით გვინდა გავაკეთოთ. ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შედგენილი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხებას. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და მზად ვართ გადაიტვირთოს ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერი გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.
ე.წ. „რევოლუციურ სცენარზე“ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კვლავ ე.წ. „დიფ სთეითზე“ ისაუბრა და თქვა, რომ „კონკრეტული ჯგუფებისა და უკრაინის მთავრობის ხისტმა ნაბიჯებმა, მათ შორის მილიტარიზაციამ „რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყება გამოიწვია“. მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მსგავსი სცენარი საქართველოში აიცილა.