უკვე 57-ე დღეა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები არ წყდება. აქციის მონაწილეები ყოველდღიურად იკრიბებიან საქართველოს პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნით – ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები.
თბილისში 2024 წლის 28 ნოემბერს საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს არაერთხელ გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორებიც. 22 იანვარს ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღო. განცხადებაში წერია, რომ ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც, მათი თქმით, ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიასა და ევროკავშირში საქართველოს მომავალს იცავს.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოების პოლარიზებაში და საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის გავლენის მქონე აქტივობებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც გასულ ოქტომბერს ძალადობისა და დაშინების გარემოში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. „ქართული ოცნება“, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, თაღლითური არჩევნების შედეგებს იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებისთვის“, – წერია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიებსა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში.
თბილისის გარდა აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იმართება. 23 იანვარს აქციები დაგეგმილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ასევე თელავში, ახალციხესა და ახმეტაში.
ავტორი ანა ალელიშვილი