„სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ – საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მედიის წარმომადგენლების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
მზია ამაღლობელის კოლეგებმა და მეგობრებმა მას შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართეს და სპეციალური წერილი წაიკითხეს:
„მზია, ჩვენ შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გვჯერა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ერთად გასაკეთებელი წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ, გთხოვ, შეაჩერე პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენ გვერდით ვართ, შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალმოცემულები. გთხოვ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება“, – ნათქვამია წერილში.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, უკვე მე-12 დღეა, შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.
22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო საპროტესტო აქციებისას დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
ერთი დღით ადრე კი, ამ ფორმით ჟურნალისტს სოლიდარობა გამოუცხადა ასევე აქციებისას დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ.
საპროტესტო აქციებში მონაწილე მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, ასევე გათავისუფლდეს ყველა ის პირი, რომელიც პროევროპული აქციებისას დააკავეს.