მთავარისაქართველოევროპარლამენტში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ დებატები გაიმართა

„საქართველოს მზარდი დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან საგანგაშოა” –  ამის შესახებ ევროპარლამენტში განაცხადა ევროკომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა.

21 იანვარს ევროპარლამენტში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ იმსჯელეს. ევროპული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელთა უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსი და საქართველოში დემონსტრანტების მიმართ რეპრესიები გააკრიტიკა. დებატები მაგნუს ბრუნერმა გახსნა.

„უკვე ორმოცდაათ დღეზე მეტია, ქართველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში უპრეცედენტო საპროტესტო აქციებს მართავენ, იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის, დემოკრატიული მომავლისთვის. მათ კი ძალადობრივი რეპრესიებითა და დაშინებით, ასევე დაკავებით პასუხობენ. საქართველოს პროგრესირებადი დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან შემაშფოთებელია. სრულიად მიუღებელია ძალადობა და სიძულვილის ენის გამოყენება დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ასევე გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეების სამსახურებიდან პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების შესახებ და სალომე ზურაბიშვილისადმი არსებული მუქარა. ძალადობრივი დარბევისა და დაკავებული დემონსტრანტების წამების ბრალდებების მიუხედავად, რომელზეც საქართველოს ომბუდსმენმაც ისაუბრა, არცერთი სამართალდამცველის მიმართ არ დაწყებულა გამოძიება. ასეთი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რომელიც საქართველოს აქვს. ევროკავშირი კვლავაც სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სწრაფი ნაბიჯები გადადგან დაძაბულობის განმუხტვისთვის. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ძალადობის შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული და ამ უკანონო ქმედებებში ჩართული სამართალდამცავი სტრუქტურების ოფიციალური პირების მიმართ შედეგები უნდა დადგეს“, – განაცხადა მაგნუს ბრუნერმა.

სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ მხარდაჭერის აუცილებლობას. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან დემონსტრანტები სისასტიკისა და ძალადობის მსხვერპლი არიან.

„მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტია აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. ქუჩაში გამოსული ადამიანები მათ „კრემლის ოცნების“, „რუსეთის ოცნების“ პარტიას ეძახის. მაშინ, როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში: პირველი – ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის სალომე ზურაბიშვილი, მეორე – „ქართული ოცნება“ და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას,“ – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

დებიტებისას რამდენიმე პარლამენტარის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა პოლიტიკაში უხეშად ერევიან. ევროპარლამენტარის, დანილო დელა ვალეს თქმით, ევროპარლამენტის უმრავლესობის პარტიები კრიტიკულ რიტორიკას იყენებენ მხოლოდ იმ ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმისთვის, რომლებიც დასავლურ ინტერესებს არ ემორჩილებიან.

„საქართველოში ეუთომ შეძლო არჩევნების საერთო ჯამში სწორად ჩატარების დადასტურება. ეს არ უარყოფს ქვეყნის პრობლემებს, რომლებიც მრავალრიცხოვანია, ჩვენ დავგმეთ რამდენიმე კანონი საქართველოში, რომლებსაც არ ვეთანხმებით. ამავდროულად, მიუღებელია ევროპული ელიტების სურვილი, შეცვალონ არჩევნების შედეგი, როდესაც ის არ ემთხვევა ნატოს საგარეო პოლიტიკის არჩევანს. ისინი იქამდეც კი მიდიან, რომ ლეგიტიმაციას ანიჭებენ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა კანონიერად აღარ იმყოფება თანამდებობაზე. ეს მენტალიტეტი წარსულს ეკუთვნის. ჩვენი მოსმენა თუ არ გსურთ, მაშინ მაინც გაითვალისწინეთ ის ევროპელი მოქალაქეები, რომლებიც არ აძლევენ ხმას, ან მხარს უჭერენ სხვა პოლიტიკურ ფორმაციას, რომელიც ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან განსხვავებულია. დროა, რადიკალურად შევცვალოთ ჩვენი მიდგომა, რათა არ ვუღალატოთ იმ ხალხის ნდობას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და სამართლიანად და პატიოსნად შევხვდეთ გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გველოდება“, – განაცხადა დანილო დელა ვალემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend