მთავარისაქართველოუფლებადამცველის დაკავება

უფლებადამცველის დაკავება

გია ჯვარშეიშვილი საპროტესტო აქციიდან კლინიკაში მეორედ მოხვდა, მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

13 იანვარს კლინიკიდან გამოწერეს შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელიც 11 იანვარს, ღამით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. პოლიცია მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ეს საპროტესტო აქციაზე ჯვარშეიშვილის დაკავების მეორე შემთხვევაა. უფლებადამცველი პირველად დეკემბრის დასაწყისში დააკავეს, რის შემდეგაც კლინიკაში ტვინის შერყევით, სახისა და სხეულის ტრავმებით მოხვდა.

„დეკემბერთან შედარებით მართლა კარგად ვარ – სადისტურად არავის ვუცემივარ, ნეკნები არ ჩაუმტვრევიათ, თავში წიხლები არ ურტყამთ, მაგრამ რაც ახლა ხდება, ესეც ჩვეულებრივი ძალადობაა პოლიციის მხრიდან. დაშინებას ცდილობენ”, – ამბობს ჯვარშეიშვილი.

უფლებადამცველი იხსენებს, როგორ იქცეოდნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები კლინიკაში მისი გადაყვანის მომენტში და იმ დროს, როდესაც უკვე სამედიცინო შემოწმებას გადიოდა.

„შემოვარდა პატრულის ხუთი ეკიპაჟი, ოთხი კაცი მე შემომყვა, დანარჩენები გარეპერიმეტრზე განთავსდნენ – მე როგორც მითხრეს, სასწრაფოს მანქანებიც ვერ შემოდიოდნენ, რომ პაციენტი შემოეყვანათ. ხელები ახლაც შეშუპებული მაქვს, ხელბორკილები ისე მედო, მარჯვენა ხელზე საავადმყოფოშიც არ მხსნიდნენ ბორკილს, სანამ განყოფილების უფროსი და მაღალი თანამდებობის ექიმები არ ჩამოვიდნენ. რენტგენიც კი ბორკილდადებულს გადამიღეს. კატეზეც ასე მიპირებდნენ შეყვანას, სანამ ექიმებმა ჩხუბი არ დაიწყეს.

ყველას სამართალწარმოების ხორცსაკეპში გვატარებენ, ვისაც ხელში მოგვიგდებდნენ – რეჟიმი ცდილობს, რომ ბოლო ძალებით რაღაც ზიანი მოგვაყენოს ყველას. მეც ისევ წოლითი რეჟიმი მაქვს, გამოდის, რომ რამდენიმე დღით ისევ გამოვეთიშე პროცესებს და აქციებზე ისევ ვერ გავალ”, – უთხრა ევრონიუს ჯორჯიას ჯვარშეიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend