სერბეთში სტუდენტებმა ბელგრადის საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ალექსანდარ ვუჩიჩის მთავრობის პირობებში ირღვევა სამოქალაქო უფლებები. სტუდენტების განცხადებით, მათზე ასევე ზეწოლას ახდენენ ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები. მთავრობის მხარდამჭერმა მედიამ აქციის რამდენიმე მონაწილის პირადი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რაც შეუძლებელი იქნებოდა სერბეთის საიდუმლო სამსახურის ჩართულობის გარეშე. მიმდინარე საპროტესტო აქციები გამოხატავს საზოგადოების უკმაყოფილებას პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მზარდი ავტოკრატიული მმართველობის მიმართ. ვუჩიჩის მტკიცებით, იგი სერბეთის ევროკავშირში გაწევრების მომხრეა, თუმცა მოქალაქეები მას დემოკრატიისა და თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნენად ოროსევიჩი ამბობს, რომ ხალხი აქციაზე მივიდა ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რომ თვალყური ადევნოს მათ და საჭიროების შემთხვევაში დაიცვას კიდეც.
აქცია დაიწყო იმით, რომ ათასობით ადამიანმა ნოვი-სადში გასულ წელს რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი. საპროტესტო აქციები ტრაგედიის შემდეგ თითქმის ყოველდღიურად იმართება. ბევრს მიაჩნია, რომ რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქციის ჩამოშლა უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. ისინი ინციდენტს კორუფციას უკავშირებენ. პროკურატურამ 13 ადამიანის, მათ შორის სახელმწიფო მინისტრისა და რამდენიმე საჯარო მოხელის წინააღმდეგ აღძრა საქმე, თუმცა მოქალაქეები ფიქრობენ, რომ გამოძიება მათ სასარგებლოდ არ წარიმართება.