„საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 9 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა პროკურატურასა და სხვა შესაბამის ორგანოებს გადაეცემა შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.
როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს „ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაული, რათა მომავალში გამეორება არ დაუშვას“. მისი მტკიცებით, სწორედ ამგვარი მიდგომით – ნიურნბერგის პროცესითა და რეჟიმის დანაშაულის მუდმივი შეხსენებით შეძლო გერმანიამ ნაციონალ-სოციალიზმის დამარცხება საზოგადოების ცნობიერებაში. მისი თქმით, ეს გამოცდილება საქართველომაც უნდა გაიზიაროს.
„საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-12 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე. 2012 წლიდან დღემდე ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მაოხრებელი გზირის ფუნქციას ქართულ პოლიტიკაში, ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას.
ამასთან, ამ პოლიტიკური ძალის ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შემთხვევაში, ის აუცილებლად ჩაიდენს იმავე სახის დანაშაულს ახალი შემართებითა და ენერგიით, რაზეც მას მწვანე შუქს აუნთებენ იგივე ძალები, რომლებიც 2003-12 წლების ავტორიტარულ, სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ.
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასაკის გამო არ შესწრებია დანაშაულს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა, მრავალ ადამიანს კი, სულ მცირე ემოციურ დონეზე აქვს მივიწყებული”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.