სამი ოპოზიციური კოალიცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სთხოვს, არ დაადასტურონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ აწერენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებულ პარლამენტსა და მის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. ისინი ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მითხოვენ.
„არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული „პარლამენტი” და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი” ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან. დელეგაციაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება.
მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან – ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიული რეგრესისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ორგანიზებაზე. საქართველოში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ ხორციელდება რეპრესიები და ძალადობა, აკავებენ დემონსტრანტებს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს.
ჩვენი მოთხოვნებია:
ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება;
ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრინციპული პოზიცია გადამწყვეტია დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საქართველოში”, – ნათქვამია ოპოზიციური კოალიციების ერთობლივ განცხადებაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს გიორგი გახარიაც. „გახარია საქართველოსთვის“ ასამბლეისგან ითხოვს, არ დაადასტუროს საქართველოს დელეგაციის მანდატები, მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში, განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები და გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად.