არ იყო იოლი 2024 წელი ქართული კინოსთვის, მაგრამ გასულმა წელმა ქართველ კინემატოგრაფისტებს ბევრი წარმატებაც მოუტანა.
ელენე მიქაბერიძის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ლურჯი მოცვის“ საერთაშორისო პრემიერა კოპენჰაგენის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, ოდესის კინოფესტივალზე კი მან ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.
„ლურჯი მოცვი” გადმოგცემს აფხაზეთთან პირობითი საზღვრის პირას მცხოვრები მელაძეების ოჯახის ამბავს, რომლებიც თავიანთ სოფელში მოცვის ბაღს აშენებენ.
„ერთ ღამეს აღმოვჩნდი სოსო მელაძის ოჯახთან. შევხვდი ორ ბავშვს, ლაზარესა და გიორგის და უცებ შემიყვარდა. ერთად ერთი დღე გავატარეთ. შემდეგ მეორე დღეს წავედით მოცვის პლანტაციაში და იქ ვიპოვე ყველა ის საკითხი, რაც მაწუხებდა – ომი, ეკონომიკა, ჩემი ქვეყანა, ჩემი ორი ქართული და აფხაზური ისტორიები. ყველაფერი იქ ვიპოვე და გადავწყვიტე, რომ ამით შემიძლია ჩემი ქვეყნის შესახებ მოვყვე“, – ამბობს ფილმის რეჟისორი ელენე მიქაბერიძე.
ფილმის „ლურჯი მოცვის” პროდიუსერის, ელენე მარგველაშვილის თქმით, ერთი ოჯახის ისტორიის გადმოცემით, ელენე მიქაბერიძე საქართველოში არსებულ პრობლემებსა და რეალობის შესახებ მოგვითხრობს.
„ეს ფილმი გვიყვება ერთი ქართული ოჯახის ისტორიას, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში ცდილობს, რომ გააშენოს მოცვის პლანტაცია. ეს არის ძალიან თბილი და იმედის მომცემი ამბავი ამ ოჯახის თავის გატანის პროცესზე. მაგრამ ასევე მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ არის ეს ფილმი“, – ამბობს ელენე მარგველაშვილი.
2024 განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა მხატვრული ფილმებისთვის. 1990-იანი წლების შემდეგ ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე პირველად იყო წარდგენილი ქართველი რეჟისორის ფილმი. ვენეციის 81-ე ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი „ლომი“ დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „აპრილს“ გადაეცა.
„დიდი მადლობა ვენეციის კინოფესტივალსა და ალბერტო ბერბერას ასეთი შესანიშნავი და თბილი მიღებისთვის. დიდი მადლობა ამ პრიზისთვის. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – აღნიშნა დეა კულუმბეგაშვილმა ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას.
ფილმი „აპრილი“ გვიამბობს მეან ქალ ნინაზე, რომელიც თანასოფლელებს ჩუმად აბორტის გაკეთებაში ეხმარება. ნინას როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს.
„მთელი რიგი ისეთი პრობლემები შუქდება ფილმში, როგორიც არის აბორტის სცენა, არასრულწლოვანთან ქორწინება. ძალიან საინტერესო ენით არის მოთხრობილი. ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე მოხვდა საკონკურსოში, რომელშიც ძალიან რთულია მოხვედრა. ასევე ძალიან ძლიერი კონკურენცია იყო იქაც და ფილმი დაჯილდოვდა,“ – ამბობს ია სუხიტაშვილი.
„აზიურ ოსკარად“ ცნობილ აზია-წყნარი ოკეანის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე „აპრილი“ 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. საბოლოოდ მან საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
„ფილმმა აიღო, როგორც საუკეთესო ფილმი და საუკეთესო მსახიობი ქალი… ეს იყო ძალიან სასიხარულო და ძალიან ამაღელვებელი იმიტომ, რომ რასაც ვუყურებდი გლობუსის დაჯილდოებას, რეალურად იქ იყო ეს ყველაფერი. ეს ნომინაციები, გამოცხადება, სცენაზე ასვლა იყო ძალიან ამაღელვებელი და ძალიან სასიხარულო. კონკრეტულად ავიღეთ აზიური ოსკარი. ექვსი ნომინაციიდან ექვსივე ნომინაციაში იყო ქართული კინო. საინტერესო ფორმები შეიძინა ქართულმა კინომ დროთა განმავლობაში, ძალიან განვითარდა. თუ ვინმეს ამაში რამე ეჭვი ეპარება, ძალიან გული მწყდება, მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა. ძალიან მიხარია, რომ როგორც მსახიობი, ამ პროცესის თანამონაწილე ვარ“, – ამბობს ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი.
„აზიურ ოსკარზე“ ჯილდო დაიმსახურა გიორგი სიხარულიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „პანოპტიკონმაც“. რამდენიმე თვით ადრე კი ფილმის პრემიერა შედგა კარლოვი-ვარის 58-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა.
„მაგარი შეგრძნება არის, მაგრამ მთავარი ტაში ბოლოს იყო. ეს ტაში რომ დაიწყო და აღარ მორჩა. მაგაზე მაგარი შეგრძნება, ალბათ, მარტო ის არის, რომ გაჯილდოებენ. თუმცა ისიც ზუსტად ეგ არის. ეგეც დაჯილდოება არის, რომ ამდენი ადამიანი, 1200 განსხვავებული ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან… ქართველებიც იყვნენ სხვათა შორის, ვიდექით და ტაშს ვუკრავდით ერთმანეთს. იქიდან ხმები წამოვიდა – „საღოლ!“ ეგ იყო ყველაზე ემოციური“, – ამბობს მსახიობი დათა ჩაჩუა.
ფილმი მოგვითხრობს თინეიჯერი სანდროს შესახებ, რომლის როლს დათა ჩაჩუა ასრულებს. სანდრო საკუთარი იდენტობისა და ფასეულობების ძიების პროცესშია და ხშირად განსხვავებული რადიკალური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ექცევა. სანდროს ისტორიით ფილმის რეჟისორი საქართველოსთვის ნაცნობ პრობლემებს ასახავს.
„ულტრამემარჯვენეების დაჯგუფება არის ამ ფილმში ნაჩვენები. ზუსტად მაგ დროს, როდესაც ჩვენ ამ ფილმს ვიღებდით, თბილისში იყო ორკების აქციები. ჩვენ ეს კადრები გამოყენებული გვაქვს. ამ აქციებზე ჩუმჩუმად გადავიღეთ. მაგარი სცენა არის. სანდრო ამ ულტრამემარჯვენეებში მოხვდება. ჩვენ შავებში ჩაცმულები ვიყავით. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მდგომარეობაში ვიყავით. მე ვდგავარ აქციაზე, რომ მე ამათ ვებრძვი. ესენი იქ გეგმავენ, რომ მთაწმინდაზე ავიდნენ და დაარბიონ ვიღაცები, სადაც ჩემი მეგობრები დგანან და თან მოდიან და მე კომპლიმენტებს მეუბნებიან – „საღოლ ძმაო“. თან იქ როლიდან არ უნდა გამოვიდე“, – ამბობს ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი დათა ჩაჩუა.
სანდროს როლისთვის დათა ჩაჩუამ „აზიურ ოსკარზე“ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა.
„ეს ჯილდო იმ შრომას რაც მე ამ ფილმში ჩავდე, ღირებულს ხდის. ასევე ეს არის მოტივაცია, რომ მომავალში უფრო მეტი ვიმუშაო. ეს პრიზი ასევე ეძღვნება ჩემს სამშობლოს, საქართველოს, სადაც ახლა ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძვით. ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, ჩემი თანამემამულეები ახლა თბილისში ჩვენი მომავლისთვის იბრძვიან“, – აღნიშნა დათა ჩაჩუამ ავსტრალიაში პრიზის აღებისას.
„აზიური ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე, პრიზის აღებისას დათა ჩაჩუამ აუდიტორიას ქართულ ენაზე მიმართა, ის საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.
„მე მინდა თანადგომა გამოვუცხადო ყველა ქართველს, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებში იბრძვის და მინდა მოვუწოდო მათ, რომ მხნედ იდგნენ იმიტომ, რომ გამარჯვება ახლოს არის და საქართველო აუცილებლად დაბრუნდება შინ ევროპაში“, – განაცხადა დათამ აზიური ოსკარის ჯილდოს აღებისას.
წარმატება ხვდა წილად ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო ფილმ „წმინდა ელექტროენერგიასაც“. „აზიური ოსკარზე“ ტატო კოტეტიშვილმა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა.
„ძალიან კარგია და სასიამოვნო არის სამი ქართული ფილმი რომ ხვდება ერთდროულად სხვადასხვა ფესტივალზე და მითუმეტეს იქ ავსტრალიაში სამივე პრიზს იღებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეტყველებს, რამდენად ცოცხალია ქართული კინო,“ – ამბობს ფილმ „წმინდა ელექტროენერგიის“ რეჟისორი ტატო კოტეტიშვილი.
საერთო ჯამში, „აზიურ ოსკარზე“ ქართული ფილმები 6 სხვადასხვა კატეგორიიდან 4 კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა.
„წმინდა ელექტროენერგიის” საერთაშორისო პრემიერა შედგა ლოკარნოს კინოფესტივალზე, სადაც ფილმმა მთავარი პრიზი „ოქროს ლეოპარდი“ დაიმსახურა. ის ასევე ახალგაზრდა ჟიურის რჩეულ ფილმად დაასახელეს. პრიზის მიღებისას რეჟისორმა ქართული კინო წარმომადგენლების ბოიკოტსა და კინოინდუსტრიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ძალიან დიდი მადლობა ფესტივალს. ჩვენი აქ მოწვევა და მონაწილეობა უკვე ძალიან სასიამოვნო იყო. ეს, მართლაც, შესანიშნავია. თუმცა აქ ყველაზე საოცარი აუდიტორია იყო. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ არაჩვეულებრივი პრემიერისთვის. მიხარია, რომ ფილმი გულთან ახლოს მიიტანეს. მინდა, ეს ფილმი მივუძღვნა ქართული კინოს საზოგადოებას, რომელიც ძალიან საინტერესო და ნიჭიერია. თუმცა რთული დრო უდგას, რადგან კინომწარმოებლების უმეტესობა ბოიკოტს უცხადებს ქართულ კინოცენტრს. სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფილმი ვერ ფინანსდება“, – განაცხადა ტატო კოტეტიშვილმა ლოკარნოს კინოფესტივალზე დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„წმინდა ელექტროენერგია“ მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის, გონგასა და მისი ბიძაშვილის ბარტის შესახებ, რომლებიც ჟანგიანი ჯვრებით სავსე ჩემოდანს პოულობენ, ჯვრებს ნეონის განათებით აფორმებენ და შემდგომ დედაქალაქის გარეუბნებში ყიდიან.
„ჩემი მიდგომა ასეთია, რომ შევარჩიო, რაც შეიძლება ზუსტი პერსონაჟი, რომელიც რეალურად ისეთია, როგორიც მინდა იყოს სცენარში. ან თუ ძალიან საინტერესოა, შემიძლია სცენაში ჩავსვა, სცენარი შევცვალო. შემდეგ უკვე ის კამერის წინ გარკვეულწილად თავის თავს თამაშობს. ვცდილობ და მაგაზე ვმუშაობ ძირითადად, რომ ატმოსფერო შევქმნა, რომ ის იყოს თავისუფალი“, – ამბობს ტატო კოტეტიშვილი.
სწორედ ტატო კოტეტიშვილის ფილმს უნდა გაეხსნა თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. თუმცა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა და თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო, კინოფესტივალის გუნდმა „ქართული პანორამა“ გააუქმა.
„ძალიან სასიხარულო იყო, რომ თბილისის კინოფესტივალი ჩემი ფილმით უნდა გახსნილიყო. ძალიან დიდი პატივი იყო, მაგრამ ამავე დროს, ამ მიმდინარე მოვლენების გამო უხერხულობას ვგრძნობდი. არ ვიცოდი, რამდენად მაგის დრო იყო, საერთოდ ფილმის ჩვენების. როცა ასეთი იდეა გაჩნდა და ამ ამბავმა ყველა ქართველი მონაწილე ერთდროულად შეაწუხა, გადავწყვიტეთ, გადაგვედო და ფილმები არ გვეჩვენებინა. როცა ქვეყანაში ასეთი რაღაცები ხდება, იჭერენ შენს მეგობრებს და არამარტო მათ, ზოგადად უდანაშაულო ხალხს, რომელიც უბრალოდ თავის აზრს გამოხატავს და როცა სახელმწიფო ასე იქცევა, თითქოს ის დრო არ არის, რომ ფესტივალზე იარო და ფილმი ნახო“, – ამბობს ტატო კოტეტიშვილი კინოფესტივალზე მისი და სხვა ქართული ფილმების გადადების გადაწყვეტილების შესახებ.
კინოფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ქართული ფილმების ჩვენება მას შემდეგ შედგება, რაც ქვეყანა ევროპის გზას დაუბრუნდება. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური განცხადების თანახმად, ფესტივალი ყოველთვის იყო და იქნება ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ადგილი. ფესტივალის საზეიმოდ გახსნის ნაცვლად კი კინოფესტივალის გუნდი საპროტესტო აქციებს თბილისის ქუჩებში შეუერთდა.
„წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მასშტაბი შემცირდა. ერთი მხრივ დაფინანსების სიმწირის გამო. მეორე მხრივ კი იმის გამო, რომ ქართველმა რეჟისორებმა უარი თქვეს თავისი ფილმების ჩვენებაზე. გაუქმდა ჩვენი საკონკურსო სექცია „ქართული პანორამა“ იმის გამო, რომ რეჟისორები და ჩვენ ფესტივალის გუნდი ვთვლით, რომ ამ დროს როცა ქალაქში ასეთი აქციები მიმდინარეობს, ახალგაზრდებს არბევენ, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება რაღაცა ვიზეიმოთ. თუმცა კინო არ არის მხოლოდ ზეიმი. კინო, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ ყოველთვის ასახავს იმ მოვლენებს, რომლებიც დღეს მსოფლიოში და არამხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც ხდება“, – ამბობს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი.
საპროტესტო აქციების ფარგლებში კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა და მსახიობებმა კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად არაერთი მარში გამართეს.
„როგორც კი ჩამოვედი, სახლში მოვედი, დედაჩემი ვნახე და ეგრევე აქციაზე წავედი. მე მეტხანს სადმე გამჩერებელი ვეღარ ვიყავი. ერთი სული მქონდა… მთელი ამ მოგზაურობისას ძირითადად მაგაზე ვფიქრობდი, რომ ახლა თბილისში უნდა ვიყო და ვერ ვარ“, – ამბობს დათა ჩაჩუა, რომელიც „აზიური ოსკარების“ დაჯილდოებამდე და შემდგომაც თბილისის ქუჩებში კოლეგებთან ერთად იდგა.
ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულების, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ითხოვენ. ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა ევროპის კინოაკადემიამაც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.
„მსახიობი, რომელიც ჯერ კიდევ დაჭერილია, ანდრო ჭიჭინაძეს ვგულისხმობ, ჯერ კიდევ არ იცნობდა ხალხი, როდესაც ერთად დედა-შვილი ვითამაშეთ. ეს მისი დებიუტი იყო. ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს და ვიცი, რა პიროვნებაც არის და ძალიან მინდა, რომ გათავისუფლდეს“, – ამბობს ია სუხიტაშვილი.
კინოინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, 2024 წელი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მათთვის. ერთი მხრივ, ქართულ კინოს საერთაშორისო დონეზე ბევრი წარმატება ჰქონდა, თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების ფონზე მეორეხარისხოვანი გახდა, რადგან ისინი – მსახიობები, რეჟისორები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლა ქუჩაში თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ.
ავტორი: თორნიკე კოპლატაძე